დევნილები

ფაცაცია დევნილებზე: შემიძლია ვიყო გარანტორი, სანამ არ დაბინავდებიან, ქირით უზრუნველვყოფთ

დავით ფაცაცია
იმედი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი, დავით ფაცაცია ამბობს, რომ სანატორიუმ ქართლის ყოფილ შენობაში მცხოვრები დევნილების ქირით უზრუნველყოფა, სანამ არ დაბინავდებიან ახალ საცხოვრებელში, გარანტირებული იქნება. 

მინისტრის თქმით, ამის გარანტორი თავად შეუძლია იყოს. 

"მანიპულაცია იმით, რომ ქირის გადახდა, შეიძლება, ერთი და ორი თვის განმავლობაში შეიძლება შეუწყდეთ, რაც არ არის სწორი, როგორც მინიმუმ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სამინისტრო, პირადად მე შემიძლია ვიყო გარანტორი ამ ადამიანებისთვის, რომ მათი ქირით უზრუნველყოფა, სანამ არ დაბინავდებიან ახალ საცხოვრებელში, იქნება გარანტირებული. მზად ვარ დოკუმენტურადაც გავცე ეს პირობა".- ამბობს ფაცაცია ტელეკომპანია იმედთან


16 იანვარს სანატორიუმ ქართლის შენობაში მცხოვრებმა კაცმა თავი მოიკლა. სხვა დევნილების თქმით, 53 წლის კაცმა თავი პროტესტის ნიშნად მოიკლა, რადგან წლებია, იქ მცხოვრები ადამიანები ავარიულ შენობას აპროტესტებენ.

ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მედიას მოუწოდებს, დევნილების დასახლებაში მომხდარი თვითმკვლელობის ფაქტი ზოგადად დევნილების პრობლემებს არ დაუკავშირონ. ზურაბ აზარაშვილის თქმით, პირველადი ინფორმაციით, ეს "უბედური შემთხვევა იყო". 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, რომ მომხდარზე პასუხსიმგებლობა დაეკისროს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ზურაბ აზარაშვილსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრს დავით ფაცაციას და მათ თანამდებობები უნდა დატოვონ. 

არასამთავროები ხელისუფლებას  მოუწოდებენ სწრაფი რეაგირებისკენ, დევნილების უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში განსახლების უზრუნველსაყოფად.

კომენტარები