დევნილები

ენმ დევნილის თვითმკვლელობაზე: დაეკისროს პასუხსიმგებლობა ზურაბ აზარაშვილს და დავით ფაცაციას

primetimenews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დევნილების დასახლებაში მომხდარ თვითმკვლელობის ფაქტს ეხმაურება და მოითხოვს, მომდარზე პასუხსიმგებლობა დაეკისროს ჯანდაცვის ახალ მინისტრს ზურაბ აზარაშვილსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრს დავით ფაცაციას.

ენმ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მინისტრებმა დაკავებული თანამდებობები უნდა დატოვონ.

"იძულებით გადაადგილებულმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა გამოიარეს  უამრავი გაჭირვება, ომი, შიმშილი, მათ დაკარგეს სახლ-კარი, წინაპრების საფლავები, საკუთარი კუთხე, მაგრამ არ დაუაკრგავთ ღირსება და არ დაუკარგავთ სამშობლოს სიყვარული. ამ ადამიანებს უყვარდათ და უყვართ საკუთარი სამშობლო, ამ დროს კი მათივე სახელმწიფოს წარმომადგენლებმა მათ შეულახეს ღირსება და არ მისცეს ცხოვრების გაგრძელების საშუალება საქართელოს არაოკუპირებულ ნაწილშიც კი. 

დღეს ფაქტია რომ საქართველოს სახელმწიფომ, კონკრეტული თანამდებობის პირების სახელით დაცინა და სიცოცხლეზე უარი ათქმევინა ჩვენს ყველაზე უფრო მრავლტანჯვაგამოვლილ მოქალაქეებს. დღეს, ამ აქტით, როდესაც საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელმა თანამდებობის პირებმა სიკვდილამდე მიიყვანეს ჩვენი მოქალაქე, საქართველოს  დღევანდელი ხელისუფლება დადგა ოკუპანტი ქვეყნის გვერდით, ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

ქართული სახემწიფო ეკუთვნის ქართელ ხალხს, ამიტომ, ქართული სახელმწიფო ვალდებულია გამოააშკარავოს და უმკაცრესად დასაჯოს ყველა დონის თანამდებობის პირი ვინც ამ ბარბაროსობაში მიიღო მონაწილეობა, ყველა ვისაც ევალებოდა ამ უბედურების აღკვეთა და ეს არ გააკეთა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ვითხოვთ ამ საქმის მაქსიმალურ ღიაობას. აღძრული სისხლის სამართლის საქმე არ უნდა იყოს ფორმალობა და პროკურატურამ უმოკლეს ვადებში გაასაჯაროვოს გამოძიების შედეგები". – ვკითხულობთ განცხადებაში.

16 იანვარს სანატორიუმ ქართლის შენობაში მცხოვრებმა კაცმა თავი მოიკლა. სხვა დევნილების თქმით, 53 წლის კაცმა თავი პროტესტის ნიშნად მოიკლა, რადგან წლებია, იქ მცხოვრები ადამიანები ავარიულ შენობას აპროტესტებენ.

ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი მედიას მოუწოდებს, დევნილების დასახლებაში მომხდარი თვითმკვლელობის ფაქტი ზოგადად დევნილების პრობლემებს არ დაუკავშირონ. ზურაბ აზარაშვილის თქმით, პირველადი ინფორმაციით, ეს "უბედური შემთხვევა იყო". 

კომენტარები