კორონავირუსი საქართველოში

ბევრი სითხის მიღება, მუშაობა ონლაინ, ხშირი ტესტირება – ვახტანგ კალოიანის რეკომენდაციები

კორონავირუსი საქართველოში

ბევრი სითხის მიღება, მუშაობა ონლაინ, ხშირი ტესტირება – ვახტანგ კალოიანის რეკომენდაციები

საქართველოში ეპიდსიტუაცია დღითიდღე უარესდება. 16 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში 52 771 აქტიური შემთხვევაა, 967 მძიმე პაციენტია, აქედან 293 პირი კი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. ეპიდემიოლოგები დამაიმედებელ პროგნოზებს არ აკეთებენ. ქვეყანაში რამდენიმე შტამი ცირკულირებს. ახლახან გამოჩნდა ომიკრონი, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება და ტესტებს მისი დადგენა, ადრეულ ეტაპზე უჭირთ. 

ამ და სხვა საკითხებზე, ტაბულა გამოცდილ ექიმს და ევროპული საქართველოს მდივანს ჯანდაცვის საკითხებში, ვახტანგ კალოიანს დაუკავშირდა და მისგან რჩევები და რეკომენდაციები მოისმინა. 

ბატონო ვახტანგ, ზოგადი მდგომარეობით დავიწყოთ, როგორ შეაფასებდით ეპიდვითარებას ქვეყანაში, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რამდენად უმკლავდება ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსს და მის ახალ შტამებს?

ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ რთულია. ინფიცირების ზრდა დაწყებულია და სამწუხაროდ გაგრძელდება ისევ და ამაში მონაწილეობას იღებს ომიკრონი და არამარტო - დელტა შტამი, სამწუხაროდ, ისევ ადგილზეა. რაც შეეხება ჰოსპიტალურ სისტემას, იქ ჯერ კიდევ, მეტნაკლებად ადგილები არის. პირველად ჯანდაცვაში უკვე გამოჩნდა გადატვირთვის ნიშნები და დროულ და ადეკვატურ პასუხს საკმაოდ დიდი ნაწილი ჩვენი მოქალაქეების ვერ იღებს და მათი მოცულობები იქნება დასამატებელი.

ვაქცინაცია - გამოწვევა, რომელიც გვქონდა მთელი ამ პანდემიის განმავლობაში, ისევ რჩება. ლაბორატორიული უზრუნველყოფა მეტნაკლებად პრობლემურია, გარკვეული ოდენობით ხდება, მაგრამ ეს მნიშვნელოვნად არასაკმარისია. ამ ეტაპზე, უკვე რამდენიმე ასეულ ათასობით ტესტს უნდა ვაკეთებდეთ დღის განმავლობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური მართვის თვალსაზრისით.

17 იანვრიდან სკოლებში სწავლა სასწავლო ოთახებში განახლდება. რამდენად მზად არის განათლების სისტემა ამისთვის, რა რჩევები გექნებათ?

რაც შეეხება სკოლებს, აქ გვაქვს ორი დიდი გამოწვევა - საკმაოდ დიდი ნაწილი პედაგოგების, რომლებიც აუცრელები არიან და რა თქმა უნდა, ისინი გარკვეულ რისკს შეადგენენ და ბავშვები, რომელთა დიდი ნაწილიც ასევე აუცრელია. აქ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ მინიმალური რეგულაციების დაცვა, რაც გვაქვს - ნიღბის ტარება, მოსწავლეების კლასებში ისე გადანაწილება, რომ არ იყოს მჭიდრო და მოხერხდეს დისტანციის დაცვა. კარგი ისაა, რომ არსებობს ალტერნატივა, იმას ვისაც უნდა ონლაინ სწავლებაზე გადასვლა, როგორც პედაგოგს, ისე მოსწავლეს, აქვს ამის საშუალება.

რაც შეეხება თვითონ სკოლას, თუ ჩვენ შევძლებთ ამ რეგულაციების დაცვას, ტესტირების ძალიან აქტიურად უზრუნველყოფას სკოლებში. ხაზს ვუსვამ - კვირაში ერთხელ და ორ დღეში ერთხელ პრინციპული ღირებულება არ აქვს. მნიშვნელოვანია, ფაქტობრივად, ყოველდღიური ტესტირება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ დროულად გამოვავლინოთ ინფიცირებული მოსწავლე ან პედაგოგი, მაშინ ყველაფერი ჩაივლის უსაფრთხოდ და დიდი გავლენა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე არ ექნება.

ბოლო პერიოდში, ტესტების სანდოობაზე გაჩნდა ეჭვები. კორონავირუსის სიმპტომების და ინფიცირებულთან კონტაქტის მიუხედავად, ტესტებს ომიკრონის დაფიქსირება უჭირთ. ამასთან დაკავშირებით რას იტყვით?

PCR ტესტს საკმაოდ მაღალი მგრძნობელობა აქვს, მათ შორის ომიკრონის მიმართ და რეგულარული და სწორად დროში გაკეთებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგულარობა და სიხშირე. შესაბამისად, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა. სიმპტომებს რაც შეეხება, მესამე დღეს არის ის მგრძნობიარე, ვიდრე წინა დღეებში, თუმცა, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, PCR ტესტები და გარკვეული როლი ანტიგენ ტესტებსაც აქვთ, უნდა ხდებოდეს თითქმის ყოველდღიურად. ის გავრცელებული იდეა, რომ ტესტს აზრი არ აქვს და საერთოდ ვერ იგებს - ეს ასე არაა.

რა რჩევები გექნებათ იმ ინფიცირებულებთან, რომლებიც სახლში გადიან მკურნალობის კურსს და მათთან ვირუსი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს?

აუცილებლად უნდა გვქონდეს კავშირი ჯანდაცვის სისტემასთან, ანუ კლინიკასთან, 112-თან ან 1505-თან, სამინისტროში და იქაური რეკომენდაციები მივიღოთ. ზოგადად, რაც შეიძლება რომ ვურჩიოთ ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის სითხის ზომიერზე ოდნავ მეტის მიღება, აქტიური ყოფა, თუკი ფიზიკურად ამის შესაძლებლობა არის და პირველივე რესპირატორული სიმპტომის ან შეუპოვარი ცხელების პირობებში დაკავშირება სამედიცინო სამსახურებთან, რათა დროულად მოხდეს ჰოსპიტალიზაცია. თუ მსუბუქად მიდის ეს ყველაფერი, დაბალი სიცხით, 3 დღის შემდეგ გადის რესპირატორული სიმპტომები და არ გვაქვს ინტოქსიკაციის ნიშნები, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის სახლში მოვლა ჩვეულებრივი ამბავია და წარმატებით დამთავრდება. მნიშვნელოვანია, არ გამოგვეპაროს გაუარესების სიმპტომები, როდესაც მოქალაქეები შეამჩნევენ რაიმე უჩვეულოს, ახალს, ან უკვე მორჩენილი ცხელების კიდევ ხელახლა დაბრუნებას რამდენიმე დღეში, მაშინ დროულად უნდა მიმართონ ჯანდაცვის სისტემას.

მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ფონზე, რა შეზღუდვები უნდა იყოს სამსახურში? როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ჩვენს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდება?

ზოგადად, რეკომენდირებულია, რაც შესაძლებელია ყველა იმ სამსახურის გადაყვანა დისტანციურ მუშაობაზე, სადაც ეს შესაძლებელია, თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ შეთავაზება და რჩევა, რომ გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. ეს არის ერთერთი მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი ჩვენი მოქალაქეების დაცვის. როგორც კი ინფიცირებული გვეყოლება მით უმეტეს.  ძალიან მნიშვნელოვანია სამსახურებში ნიღბის გამოყენება დახურულ სივრცეში, ხშირი განიავება დახურული სივრცის და იქაც, მაქსიმალურად დისტანციის დაცვა, რომ დახურულ სივრცეში ბევრი ადამიანი ერთად შეჯგუფებული არ იყოს. თუ ამ ყველაფრის მიუხედავად, ერთერთ თანამშრომელს დაუდასტურდა ინფექცია, რა თქმა უნდა, სხვა თანამშრომლები უნდა გადავიდნენ იზოლაციაში 5-7 დღის ვადით და შემდეგ არის მართვა ძალიან მნიშვნელოვანი - მეშვიდე დღეს ტესტირება და ნიღბის გამოყენება, როცა გამოვლენ იზოლაციიდან, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

და ბოლოს, დამატებით კიდევ რა რჩევებს და რეკომენდაციებს მისცემდით მოსახლეობას?

მთავარი რეკომენდაცია, კლასიკური რეკომენდაცია არის ნიღბის ტარება, სასურველია რესპირატორის გამოყენება დახურულ სივრცეში. რაც შეიძლება თავის შეკავება დიდი შეკრებებისკენ და დახურულ ოფისებში ბევრი ადამიანის შეკრებისკენ. სადაც შესაძლებელია იქ ონლაინ მუშაობა. პირველივე სიმპტომებზე დაკავშირება ჯანდაცვის სამსახურთან და ინფორმირებულობა ყველა იმ ადამიანის ვინც თქვენთან კონტაქტი იყო წინა დღეების განმავლობაში. სითხის მიღება დიდი რაოდენობით, მაშინ როდესაც უკვე დაგვემართება ვირუსი და ძალიან ყურადღებით ყოფნა, დამძიმების პირველივე ნიშნების შემთხვევაში. თვითმკურნალობაზე უნდა ვთქვათ უარი და მივმართოთ ჯანდაცვის სიტემას. შეიძლება, სულ არ იყოს აუცილებელი ჰოსპიტალიზაცია, მაგრამ მიიღებთ კვალიფიცირებულ რეკომენდაციას და ყველა შესაძლო რისკებს გამორიცხავთ.

კომენტარები