კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან 36 თანამშრომელი გაათავისუფლეს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამსახურში რეორგანიზაცია ჩატარდა და გაერთიანდა ისეთი სტრუქტურული ერთეულები, რომლებსაც მსგავსი ფუნქციები ჰქონდათ. სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ 17 სამსახურის ნაცვლად ფუნქციონირებას გააგრძელებს 11 სამსახური, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 381-დან 345-მდე შემცირდა.

სააგენტოს ყოფილი თანამშრომლები სამსახურიდან გათავისუფლებას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებენ. ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძის თქმით, მისი სამსახურიდან გათავისუფლება მის საქმიანობასა და კომპეტენციასთან დაკავშირებული არ ყოფილა და სავარაუდოდ, სასამართლოს მიმართავს.

"ცოტა გასაკვირია მე როგორ დამიწუნა კომპეტენცია ახალმა დირექცია, რომელსაც ჩემს საქმეში კომპეტენცია საერთოდ ნული აქვს. უშუალოდ ჩემს სპეციალობასთან არ უნდა იყოს დაკავშირებული, ეს, სავარაუდოდ, პოლიტიკის საკითხია. ხშირად ვმონაწილეობ მიტინგებში. დავდივარ იმიტომ, რომ, მაგალითად, ვაპროტესტებ ოკუპაციას და სავარაუდოდ, ეს მიმართულება უნდა იყოს". – თქვა გაგოშიძემ ფორმულასთან საუბრისას.

სააგენტოს კიდევ ერთი გათავისუფლებული თანამშრომლის ნანა კვიციანის თქმით, მან რეორგანიზაციის დაწყებისას პროტესტი გამოთქვა, რადგან, მისი აზრით, პროცესი სწორად არ მიმდინარეობდა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, რეორგანიზაციის შედეგად განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები მიზნად ისახავდა სააგენტოზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური და დროული განხორციელების მიღწევას, ასევე, "უწყების წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევების დაძლევას".

"სააგენტოს საშტატო ნუსხას დაემატა 17 ოსტატის პოზიცია (ქვითხურო, ხითხურო, კირითხურო, სახურავთა ოსტატი, მჭედელ-ზეინკალი და ხარატი), რომლებიც აქამდე საერთოდ არ არსებობდა. აღსანიშნავია, რომ ოსტატთა რეესტრის შექმნისა და მათი სააგენტოში დასაქმების იდეა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს ეკუთვნის, რაც ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით არსებულმა პრობლემებმა განაპირობა. კერძოდ, როგორც კულტურის სამინისტროს მიერ ამ სფეროს შესწავლამ ცხადყო, ხშირ შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არსებული პრობლემები კვალიფიციური კადრების სიმწირით ან არსებული კადრების პროფესიონალიზმის ნაკლებობითაა გამოწვეული". – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები