კორონავირუსი საქართველოში

ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობით პირი იზოლაციაში 8 დღე იქნება, მძიმე/საშუალო – მინიმუმ, 10

armradio.am

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში იზოლაცია-კარანტინის ვადები მცირდება და მსუბუქდება. ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობით პირი იზოლაციაში 8 დღე იქნება, მძიმე და საშუალო მიმდინარეობით, მინიმუმ, 10. ამის შესახებ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა. ცვლილებები ძალაში ორშაბათიდან, 17 იანვრიდან შევა. 

"მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში გახდა შესაძლებელი და საერთაშორისო რეკომენდაციები გამოიცა იმასთან დაკავშირებით, რომ შემცირდეს იზოლაცია-კარანტინისთვის დაწესებული ვადები. ვადები ასეთი განისაზღვრა: ასიმპტომური-მსუბუქი შემთხვევებისთვის ეს იქნება 8 დღე, ამასთან სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის მანძილზე მკაცრად არის რეკომენდებული ნიღბის ტარება.

საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის ვადა არის მინიმუმ 10 დღე, სახეზე უნდა იყოს სიმპტომების მკვეთრად გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში და აქაც იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად სავალდებულოა ნიღბის ტარება". - თქვა გაბუნიამ.  

რაც შეეხება კონტაქტებს, გაბუნიას თქმით, თუ ის ვაქცინირებულია და კონტაქტი დოზის მიღებიდან 2 კვირა - 90 დღის შუალედშია, კარანტინში ყოფნის ვალდებულება ეხსნება

"რაც შეეხება კონტაქტებს, ვადები აქაც მცირდება და მსუბუქდება. თუ კონტაქტი ვაქცინირებულია, მათ შორის, ბუსტერვაქცინაციის მქონე პირები და პირები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მხოლოდ პირველი ორი დოზა, ამ დოზების მიღებიდან 2 კვირის-90 დღის ვადაში, კარანტინის ვადა ეხსენებათ. ანუ არ არის საჭირო მათთვის კარანტინი და ასევე, პირებს კოვიდინფექციის გადატანიდან 60 დღის მანძილზე ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ კარანტინში აღარ იყვნენ.

რაც შეეხებათ არავაქცინირებულ პირებს, აქ მაინც რჩება რეკომენდაცია კონტაქტის შემდეგ 8 დღის განმავლობაში დარჩნენ კარანტინში და 9-12 დღის პერიოდში უნდა გამოიყენონ პირბადე. ეს ცვლილებები ძალაში შევა ორშაბათიდან, ახლა მიმდინარეობს დაზუსტება". - ამბობს გაბუნია.  


საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 60 753 ტესტი და დადასტურდა 5 567 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 661 პაციენტი. 

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები