ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე

დროა: ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლები გახდნენ

Mamuka Khazaradze / Facebook

პარტია დროა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე აღნიშნავს, რომ მას რეალური სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. პარტია მხარს უჭერს და სოლიდარობას უცხადებს ბრალდებულებს.

"დროა სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს  ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთელს, რომლებიც ივანიშვილის პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლები გახდნენ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და საქართველოს ხალხის, ერთიანი პრინციპულობა და სიმამაცე, ასევე საქართველოს დასავლელი პარტნიორების ერთგული მხარდაჭერა სულ მალე საბოლოოდ აარიდებს ჩვენს ქვეყანას რუსეთის კოლონიად კვლავ გადაქცევის საფრთხეს და მეტიც, მიგვიყვანს ნატოსა და ევროკავშირის ღირსეულ წევრობამდე". - ვკითხულობთ განცხადებაში.

დროა ჯაფარიძე, ხაზარაძისა და წერეთლის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური დევნის მიზეზებად კი ბიზნესის შეზღუდვას, კრიტიკული მედიის მუშაობის შეფერხებასა და ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ხელისშეშლას ასახელებს. 

"ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთლის საქმეს რამდენიმე მოტივი აქვს: დამოუკიდებელი ბიზნესმენების დასჯა, შურისძიება კრიტიკულ მედიასაშუალება TV პირველზე და ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ხელის შეშლა.  ეს ყოველივე კი ნათლად გვაჩვენებს, რომ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის მიზანი საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებაა, რამაც შესაძლოა, ქვეყანას დააკარგვინოს სუვერენული გეოპოლიტიკური ფუნქცია". - წერია განცხადებაში. 

მოსამართლე საქმეზე გადაწყვეტილებას 12 იანვარს, 11:00 საათზე გამოაცხადებს.


TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია TBC ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა".

იმავე წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდიდა დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

2019 წლის ივლისში კი გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. მოგვიანებით, აგვისტოში ამავე საქმეზე ბრალი წარუდგინეს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც, რომელიც TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამაა. ტელეკომპანიამ ეს გადაწყვეტილება მედიაზე თავდასხმად შეაფასა. 

კომენტარები