თბილისის მერია

კალაძე: 200 000-მდე სარეიტინგო ქულით პენსიონრები 500-ლარიან მედიკამენტების ვაუჩერს მიიღებენ

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი პენსიონრებისთვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება, 500-ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერი დღეიდან, 11 იანვრიდან ამოქმედდება. 

"ეს არის ყოველწლიური და არა ერთჯერადი ვაუჩერი, რომლის გამოყენება ბენეფიციარებს მათი შეხედულებისამებრ, ექიმის დანიშნულებიდან გამომდინარე, მთელი წლის განმავლობაში, ლიმიტის ამოწურვამდე შეეძლებათ. მოქალაქეს ვაუჩერის მისაღებად მერიაში ან რაიონის გამგეობაში მისვლა არ დასჭირდება და კრიტერიუმების დაკმაყოფილებისთანავე, ავტომატურად გახდება პროგრამის მოსარგებლე". - ამბობს კალაძე.  

კალაძის თქმით, ექიმი პროგრამაში ატვირთავს იმ წამლების ჩამონათვალს, რომელიც ბენეფიციარს სჭირდება - ამის შემდეგ ის ტელეფონზე სპეციალურ კოდს მიიღებს, რომლითაც წამლების მიღება მისთვის სასურველ აფთიაქში შეეძლება.

"ვაუჩერის გამოსაყენებლად პროგრამის ბენეფიციარი ან მისი წარმომადგენელი საჭირო მედიკამენტების განსაზღვრის მიზნით, ექიმს მიმართავს. ის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას, რომელშიც მითითებული იქნება საჭირო მედიკამენტების ჩამონათვალი და რაოდენობა, განათავსებს პროგრამის ელექტრონულ მოდულში. ამის შემდეგ, ბენეფიციარი ან მისი წარმომადგენელი, ტელეფონის ნომერზე სპეციალურ კოდს მიიღებს და პირადობის მოწმობით, მისთვის სასურველ აფთიაქს მიმართავს. 

იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მიერ შერჩეულ აფთიაქში სრულყოფილად არ არის ჯანმრთელობის ცნობაში მითითებული ყველა მედიკამენტი, მას შეეძლება დარჩენილი მედიკამენტი სხვა აფთიაქში ან მოგვიანებით, იმავე აფთიაქში აიღოს. ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა აფთიაქიდან მედიკამენტები კოდის მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა გაიტანოს". - თქვა კალაძემ.

კომენტარები