დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

უკრაინის უშიშროება: დავაკავეთ რუსეთის აგენტი, რომელიც ოდესაში ტერაქტებს გეგმავდა

უკრაინის უშიშროების სამსახურში (СБУ) აცხადებენ, რომ მათ დააკავეს რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი, რომელიც ქალაქ ოდესაში, სადაც უკრაინის უდიდესი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პორტია, ტერაქტებს გეგმავდა.

СБУ-ს ინფორმაციით ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, როდესაც ის ბოროტმოქმედებებისთვის შემსრულებელ პირებს ამზადებდა. მათივე თქმით, დაკავებული უცხოეთის მოქალაქეა, რომელიც უკრაინაში აქამდეც ჩამოდიოდა. ის დავალებებს იღებდა რუსეთის დაზვერვის მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში მყოფი წარმომადგენლისგან. 

უკრაინის უშიშროების სამსახურის თქმით, დაკავებული მთავარი დავალება ოდესაში სოციალურ-პოლიტიკური ვითარების შერყევა იყო. СБУ-ში დაადგინეს, რომ რუსეთის აგენტობაში ბრალდებულმა 2021 წლის დეკემბერში შეძლო ოდესაში უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მანქანის დაწვა და უკრაინა-რუსეთის ომში დაღუპულების მემორიალის დაზიანება. 

არსებული ინფორმაციით, აგენტის მიზანი იყო "მოხალისეებისა  და სიციალურ-პოლიტიკური პატრიოტული სტრუქტურების ოფისებისა და ოდესის რეგიონში მყოფი სამხედრო ტექნიკის ხელყოფა". 

უკრაინელმა სამართალდამცველებმა აგენტი მაშინ დააკავეს, როდესაც დავალების შემსრულებელს შეხვდა, სამხედრო ტექნიკის დაწვის ახალ დავალებას აძლევდა და თან წინა მისიის ფულს უხდიდა.

კომენტარები