კრის ნოთი

გაუპატიურებაში დადანაშაულებული კრის ნოთი AND JUST LIKE THAT-ის ფინალიდან ამოჭრეს

Insider

სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული მსახიობი, კრის ნოთი And Just Like That...-ის ფინალური სერიიდან ამოჭრეს. მისი გმირი, მისტერ ბიგი სეზონის დასაწყისში გარდაიცვალა, როგორც ჩანს ნოთი მთავარი გმირის, კერი ბრედშოუს მოგონებაში ან სიზმარში უნდა გამოჩენილიყო.

And Just Like That... ცნობილი ამერიკული სერიალის, Sex and The City-ს გაგრძელებაა, რომელშიც მთავარ როლებს სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევისი ასრულებენ.

კრის ნოთს ძალადობაში 4 ქალი ადანაშაულებს. პირველი ბრალმდებლის (ფსევდონიმი ზოი) თქმით ინციდენტი 2004 წელს ლოს-ანჯელესში მოხდა. ქალი იმ ფირმის თანამშრომელი იყო, რომელთანაც მსახიობს საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა. ნოთმა ზოი საკუთარ ბინაში წიგნებზე სალაპარაკოდ დაპატიჟა. შემდეგ ქალს ძალით აკოცა და სარკის წინ გააუპატიურა. იმ დროს მსახიობი 49 წლის იყო, ხოლო დაზარალებული 22-ის.

მეორე დაზარალებული (ფსევდონიმი ლილი) კლუბში მიმტანად მუშაობდა, რომელსაც ნოთი ხშირად სტუმრობდა. მსახიობმა ლილი ვახშამზე დაპატიჟა, რაზეც თანხმობა მიიღო, ვინაიდან ლილი Sex and The City დიდი თაყვანისმცემელი იყო. ვახშმის შემდეგ ნოთმა სახლში წაყოლა სთხოვა, რათა ცოტაოდენი ვისკი დაელიათ და სამომავლო კარიერულ გეგმებზე ელაპარაკათ. ბინაში მსახიობმა ქალს დაუკითხავად აკოცა და შემდეგ ორალური სექსი აიძულა. მეორე დაზარალებულმაც აღნიშნა, რომ გაუპატიურება სარკის წინ მოხდა. ლილის თქმით ინციდენტი 2015 წელს მოხდა, როდესაც ნოთი უკვე დაქორწინებული იყო მსახიობ ტარა უილსონზე. იმ დროს დაზარალებული 25 წლის იყო, ხოლო მსახიობი 60-ის.

მას შემდეგ რაც მსახიობს ორმა ქალმა გაუპატიურებაში დასდო ბრალი, მსახიობმა ლისტერ-ჯონსმა Instagram-ზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნოთი მასზე სექსუალურ ძალადობაშიც ამხილა.

მომღერალი ლიზა ჯენტაილი მეოთხე ქალი გახდა, რომელმაც მსახიობი კრის ნოთი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

"შემთხვევა 2002 წელს მოხდა. იმ დროს რესტორან Da Marino-ში მომღერლად ვმუშაობდი. კრის ნოთმა სახლში გაცილება შემთავაზა, არაფერი ვიეჭვე, ვინაიდან მას 1998 წლიდან ვიცნობდი. სახლს რომ მივუახლოვდით, ამოსვლა მთხოვა, ვუთხარი რომ სასმელს ვერ შევთავაზებდი, რაზეც მიპასუხა, რომ უბრალოდ ჩემი ბინის ნახვა აინტერესებდა. სამზარეულოში როგორც კი შევედით, მომეკრა და ძალით მაკოცა, მკერდზე ორივი ხელი მომიჭირა, შემდეგ ლიფი ძალით შემიხსნა. ხელი ვკარი, ვუთხარი, რომ არ მინდა. ძალიან გაბრაზდა და ყვირილი დაიწყო, ძუკნა მიწოდა. შემდეგ დამემუქრა, რომ ამ ამბის შესახებ არაფერი მეთქვა, თორემ ჩემს კარიერას ბოლოს მოუღებდა". – იხსენებს ჯენტაილი.

ბრალდებებიდან რამდენიმე დღეში ნოთთან თანამშრომლობა შეწყვიტა სამსახიობო სააგენტომ.

თავად მსახიობი ყველა ბრალდებას უარყოფს, პირველი კომენტარი მან გამოცემა Hollywood Reporter-თან გააკეთა: 

"არ აქვს მნიშვნელობა იყო ეს 30 წლის წინ, თუ 30 დღის წინ. "არა" ნიშნავს "არას" და ამ ზღვარს მე არასდროს გადავდივარ. შეხვედრები ორმხრივი თანხმობით მოხდა. არ ვიცი რატომ ამოტივტივდა ეს ამბავი ახლა, მაგრამ რაც ვიცი არის ის, რომ ამ ქალებს თავს არ დავსხმივარ". – ამბობს მსახიობი.

მოგვიანებით Sex and The City-ს მსახიობებმა მხარი დაუჭირეს ქალებს, რომლებმაც ნოთი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს.

"კრის ნოთის მიმართ გაჟღერებულმა ბრალდებებმა ძალიან დაგვასევდიანა. მხარს ვუჭერთ ქალებს, რომლებმაც ხმა აიმაღლეს და საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარეს. ამის გაკეთება ძალიან რთულია და ჩვენ მათ პატივს ვცემთ.

სინტია ნიქსონი, სარა ჯესიკა პარკერი, კრისტინ დევისი". – წერია ერთობლივ განცხადებაში.

კრის ნოთი ამერიკელი მსახიობია, რომელმაც სახელი სერიალ Sex and The City-ში შესრულებული მისტერ ბიგის როლით გაითქვა. 

კომენტარები