საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით, სტატუსი ფაქტობრივად მარტოხელა მშობლებსაც მიენიჭებათ

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონი, რომელიც გამორიცხავდა პირის მიერ მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუკი მისი არასრულწლოვანი შვილი დაბადებული იყო რეგისტრირებული ქორწინების პირობებში ან ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში შეტანილი იყო ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ.

საკონსტიტუციო სასამართლომ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების არსებითად თანასწორ პირებად მიიჩნია ფაქტობრივად მარტოხელა მშობლები, რომლებიც ასევე მარტო ზრდიან არასრულწლოვან შვილს და, ამავდროულად, მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად, აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.

სასამართლოს პოზიციით, დასახელებულ კატეგორიებს მიკუთვნებული პირები არსებითად მსგავსი საჭიროებების წინაშე არიან ბავშვის აღზრდის კუთხით. ამასთან, სასამართლომ ვერ დაინახა საჯარო ინტერესი, რომელიც აღნიშნულ დიფერენცირებას გაამართლებდა. შესაბამისად, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპზე და განმარტა, რომ ბავშვის ორივე მშობლის არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან მშობლისა და არასრულწლოვანი შვილის ურთიერთობაში ისეთი ფორმით ჩარევამ, როგორიც არის ბავშვის ერთ-ერთი მშობლის მარტოხელა მშობლად აღიარება, შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ამრიგად, სასამართლომ არსებითად თანასწორ პირებად არ მიიჩნია, ერთი მხრივ, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, მეორე მხრივ, ფაქტობრივად მარტოხელა მშობლები, რომლებიც ერთპიროვნულად იღებენ ბავშვის აღზრდაში მონაწილეობას, თუმცა ბავშვის მეორე მშობელი სახეზეა.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, რომლის ავტორებიც ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე იყვნენ, ფაქტობრივად მარტოხელა მშობლებს, რომელიც ვერ აკმაყოფილებენ სადავო ნორმებით დადგენილ ფორმალურ კრიტერიუმებს, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების არსებითად მსგავსი საჭიროებები გააჩნიათ. შესაბამისად, ფაქტობრივად მარტოხელა მშობელთა შესაბამისი სტატუსის მიღების შესაძლებლობიდან სრულად გამორიცხვით, სადავო რეგულირება ადგენდა უთანასწორო მოპყრობას არსებითად თანასწორ პირთა მიმართ.

საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება გადაავადა 2022 წლის პირველ ივლისამდე, რათა საფრთხე არ შეჰქმნოდა იმ პირთა ინტერესებს, რომელთაც სადავო რეგულირების საფუძველზე შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მარტოხელა მშობლის სტატუსი.

კომენტარები