ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში თიანმენის ტრაგედიის მემორიალი აიღეს

ჰონგ-კონგში 1989 წლის თიანმენის ტრაგედიის ხსოვნის ძეგლი, სირცხვილის სვეტი აიღეს. ძეგლი, რომელიც პეკინის ძალების მიერ პროდემოკრატიული დემონსტრანტების მკვლელობის ხსოვნისთვის შეიქმნა, ქალაქში თიანმენის ერთ-ერთ უკანასკნელი მემორიალი იყო.

ძეგლი ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე იდგა. მემორიალის აღების გადაწყვეტილება უნივერსიტეტმა ოქტომბერში მიიღო.

"გადაწყვეტილება დაფუძნებული იყო სამართლებრივ რჩევებზე და უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესებში რისკების შეფასების შემდეგ იყო მიღებული." – ნათქვამია ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის განცხადებაში.

სკულპტურის ავტორის, მოქანდაკე იენს გალშიოტის თქმით, მემორიალი "სამარცხვინო მოვლენის გასახსენებლად შეიქმნა, რომელიც აღარასოდეს უნდა განმეორდეს". ძეგლი უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე 24 წლის განმავლობაში იდგა.

"ეს სკულპტურა გარდაცვლილ ადამიანებზეა, პეკინში 1989 წელს დაღუპული ადამიანების გასახსენებლად. როცა ამ სკულპტურას ანადგურებ, იგივეა სასაფლაოზე წახვიდე და საფლავები გაანადგურო" - თქვა BBC-სთან საუბრისას მოქანდაკემ.

სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი იან ჩონგის თქმით, სკულპტურა თიანმენის ერთ-ერთი უკანასკნელი მეომორიალი იყო.

"სკულპტურა დარბევის ერთ-ერთი უკანასკნელი საჯარო მემორიალი იყო, რომელიც ჰონგ-კონგის უფრო თავისუფალი წარსულის შესახებ გვახსენებდა. ძეგლის აღება გზავნილია, რომ ჰონგ-კონგის და პეკინის მთავრობები აღარ მოითმენენ 4 ივნისის მოვლენების შეხსენებას" - თქვა პროფესორმა ჩონგმა.

ჩინეთში თიანმენის დარბევა ტაბუდადებული თემაა. 1989 წლის 4 ივნისს პეკინში თიანმენის მოედანზე სტუდენტებმა პროდემოკრატიული მოძრაობა დაიწყეს, რაც მთელი ქვეყნის მნიშვნელოვან ქალაქებში გავრცელდა, რამდენიმე კვირის შემდეგ მთავრობამ მშვიდობიანი მოქალაქეები ძალის გამოყენებით დაშალა, რასაც ოფიციალური მონაცემებით ასეულობით, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით რამდენიმე ათასი ჩინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

4 ივნისს ჰონგ-კონგში ყოველწლიურად იხსენიებდნენ. 2020 წელს ჰონგ-კონგის მთავრობამ პირველად აკრძალა თიანმენის დარბევის წლისთავთან დაკავშირებული შეკრება პირველად აკრძალა. მთავრობის განმარტებით, შეკრება Covid-რეგულაციების გამო აიკრძალა. აქტივისტებმა ჰონგ-კონგის მთავრობა პეკინის მოთხოვნების შესრულებაში და პროდემოკრატიული აზრის ჩახშობაში დაადანაშაულეს. 2021 წლის ოქტომბერში თაინმენის დარბევის წლისთავის აქციაზე 9 აქტივისტი დააკავეს და 6-10 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

კომენტარები