ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე

რუსეთი გერმანიის საპასუხოდ ქვეყნიდან ორ დიპლომატს აძევებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
TASS

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში გერმანიის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

სამინისტროს განცხადების თანახმად, ეს გადაწყვეტილება "გერმანიის არამეგობრულ გადაწყვეტილებაზე სიმეტრიული პასუხის ფარგლებში" იყო მიღებული. გერმანიის მოქმედებაზე საპასუხოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "მტკიცე პროტესტი" გამოხატა რუსეთში გერმანიის ელჩის გეზა ფონ გაიერთან.

გერმანიამ ქვეყნიდან 2 რუსი დიპლომატი 15 დეკემბერს საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ გააძევა. გერმანიის სასამართლომ ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს, ვადიმ კრასიკოვს უვადო პატიმრობა შეუფარდა.

Deutche Welle-ს ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა რუსეთის ელჩი დაიბარა და მას ორი დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება შეატყობინა. მისი თქმით, "სახელმწიფოს დაკვეთით მკვლელობა" გერმანიის კანონსა და სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება.

ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს ბერლინში. მკვლელობაში ბრალდებით დაპატიმრებულს კი რუსეთის ფედერაციის პასპორტი აღმოაჩნდა, რომელიც ვადიმ კრასიკოვის სახელზეა გაცემული.

ამ საკითხზე ჩატარებული რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კრასიკოვი ФСБ-ს სპეცრაზმის ვეტერანი და რამდენიმე გახმაურებული შეკვეთილი მკვლელობის ფიგურანტია.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ კრასიკოვი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარში ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში გერმანიის პროკურატურა საქართველოს მთავრობას პრორუსულად მოიხსენიებს.

"შეკვეთილი მკვლელობის მიზეზი გარდაცვლილსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის არსებული მტრული ურთიერთობებია. მოკლულს ასეთივე ურთიერთობები აკავშირებდა ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან და, ასევე, საქართველოს პრორუსულ მთავრობასთანაც", – ნათქვამია განცხადებაში. 

გერმანულმა მხარემ რუსეთს რამდენჯერმე მიმართა გამოძიებაში დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. 2019 წლის 4 დეკემბერს გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით იგივე ზომები მიიღო მოსკოვმაც.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე უფრო მეტი წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში: რუსეთის შურისძიება - ზელიმხან ხანგოშვილის ცხოვრებისა და სიკვდილის ისტორია

კომენტარები