ახალი წელი

რას ვუყუროთ განწყობისთვის? – ახალი და ძველი საახალწლო ფილმები

Tabula

ახალ წლამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. სულ ცოტა დრო რჩება დასვენების დღეებამდე, რომლის განუყოფელი ნაწილი სუფრასა და ნაძვის ხესთან ერთად საახალწლო ფილმებიც არის.

წლევანდელი სია ორ ნაწილად არის გაყოფილი: ბოლო წლებში გადაღებული საახალწლო ფილმები, რომლის შესახებ შესაძლოა ჯერ არ გსმენიათ და ტრადიციული, უკვე კლასიკად ქცეული სურათები, რომელთა გარეშეც ახალი წელი წარმოუდგენელია.

ახალი საახალწლო ფილმები

დაე ითოვოს/Let It Snow

საახალწლო ფილმები მთავარი გმირები როგორც წესი უფროსები ან ბავშვები არიან. Let It Snow-ს ავტორებმა იმ ტერიტორიაზე შეაბიჯეს, რომელიც კინოში საახალწლო დღესასწაულთან თითქმის არ ასოცირდება. სურათის მთავარი გმირები მოზარდები არიან. სანტა-კლაუსის არსებობის დიდი ხანია არავის სჯერა, თუმცა ახალი წლის მოსვლა მათაც უხარიათ. ნაძვის ხეებისა და სხვა საახალწლო ატრიბუტიკის ფონზე ახლოს ვეცნობით ან ვიხსენებთ თინეიჯერულ დღის წესრიგს. ფილმი მეგობრობაზე, პირველ სიყვარულსა და შიშისმომგვრელად მოახლოებულ ზრდასრულობაზე.

კლაუსი/Klaus

აქამდე უცნობი, გულისამაჩუყებელი ლეგენდა სანტა კლაუსზე, რომლის ცრემლების გარეშე ნახვა თითქმის შეუძლებელია. ოსკარის ნომინაციისა და ჰოლივუდის მსახიობების მიუხედავად, 2019 წელს გადაღებულმა ესპანურმა მულტფილმმა მაყურებელთა გულებში ჯერ კიდევ ვერ დაიმკვიდრა სათანადო ადგილი. ამ ერთხელ გვერდით გადადეთ ტიმ ბარტონის კოშმარი შობის წინ და ახალ წელს ახალი მულტფილმით შეხვდით.

 

საშობაო ქრონიკები/Christmas Chronicles

ახალი საახალწლო თავგადასავალი დროსთან ერთად ტრადიციულ სადღესასწაულო ფილმად იქცევა, რომლის ნახვა წლიდამ წლამდე არ მოგბეზრდებათ. თბილი თანამედროვე ისტორია სანტა-კლაუსზე. ვიზუალური ეფექტების მიუხედავად საშობაო ქრონიკების ატმოსფერო ახლოს დგას 90-იანი წლების საახალწლო ფილმებთან და ამაში თავიდან ბოლომდე იმ ეპოქის ვარსკვლავის, კურტ რასელის დამსახურებაა. მისი სანტა გონებამახვილი, მოძრავი, ჭკუამხიარული ჯადოქარია, რომლისთვისაც რთული სიტუაციიდან თავის დაღწევა პრობლემას არ წარმოადგენს. 

შობის ღამემდე/Night Before 

სამი უახლოესი მეგობარი, რომელიც 14 წლის განმავლობაში შობას ერთად ხვდება, ელიტარულ გასაიდუმლოებულ წვეულებაზე წასვლას გადაწყვეტს. ბოროტ სანტა კლაუსებთან ჩხუბი, მაილი საირუსის კონცერტი და სხვა გიჟური თავგადასავლები ღამის ნიუ-იორკში ექსტაზით, სოკოებითა და მარიხუანით თრობის ფონზე მიმდინარეობს. ფილმი 30-ს გადაცილებული ადამიანებისთვის მიძღვნილი თანამედროვე ოდაა იმ სირთულეებზე, რომელიც ასაკთან ერთად  მოსულ პასუხისმგებლობებსა და მარადიული ახალგაზრდობის შეგრძნებასთან გამომშვიდობებას მოჰყვება.

უბედნიერესი სეზონი/Happiest Season

2020 წელს გადაღებული რომანტიკული კომედიის სიუჟეტის ცენტრში ლესბოსელი წყვილია, რომელიც საშობაო არდადეგებს ერთ-ერთის ოჯახში ატარებს. პრობლემა იმაშია, რომ ოჯახის წევრებმა საკუთარი შვილის სექსუალური ორიენტაციის შესახებ არაფერი იციან. სიმართლის თქმა უახლოესი ადამიანებისთვის ზოგჯერ ძალიან რთული ამოცანაა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც შენი მშობლები პერფექციონისტები არიან, მაგრამ სიყვარულისა და ცოტაოდენი საახალწლო განწყობის დახმარებით ყველაფერი შესაძლებელია. ახალი წელი ხომ ძველთან გამომშვიდობებისა და ახლის მიღების სიმბოლოც არის.

ძველი საახალწლო ფილმები

კუჩხი ბედინერი

დიდი ალბათობით, მოსახლეობა ქართულ ფილმებს ყველაზე ხშირად ახალი წლის პერიოდში ნახულობს. ეროვნული კინემატოგრაფი, განსაკუთრებით ძველი კომედიები, იანვრის სატელევიზიო პროგრამის განუყოფელი ნაწილია. რომელიმე (თუ ყველა არა) არხი აუცილებლად აჩვენებს მოკლემეტრაჟიან ფილმს – კუჩხი ბედინერი, მახვილგონიერი კომედიის მოქმედება სამეგრელოში ვითარდება, მთავარი გმირი კი ქართული საახალწლო ფოლკლორის განუყოფელი ნაწილი – მეკვლეა.

მარტო სახლში 1-2/Home Alone 1-2

კევინისა და სველი/წებოვანი ბანდიტების თავგადასავლების ნახვა ისეთივე ლამაზი საახალწლო ტრადიცია გახდა, როგორიც თონის პურის რიგში დგომა. ძალიან რთულია, განაცალკევო პირველი და მეორე ნაწილი, იმიტომ რომ კრის კოლამბუსის ორივე სურათი ერთნაირად სასაცილო და საყვარელია.  ცალკე ყურადღებას იმსახურებენ მეორეხარისხოვანი პერსონაჟები – მაკკალისტერების დიდი და ხმაურიანი ოჯახის წევრები, ერთი შეხედვით საშიში მეზობელი, მტრედებიან ქალი, რომლის სახელი არავინ იცის, დონალდ ტრამპი და, რა თქმა უნდა, ფულერი, რომელიც ძილის წინ პეპსის განგებ სვამს. 

რეალური სიყვარული/Love Actually

საშობაო ისტორიების კომპილაცია, რომელსაც ერთი თემა, სიყვარული აერთიანებს. სიყვარული ყველას უნდა და სჭირდება, იქნება ეს პორნო მსახიობი თუ გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი. სიუჟეტური ხაზების სიმრავლე, ვარსკვლავური შემადგენლობა და ჰიუ გრანტის დაუვიწყარი ცეკვა მაყურებელს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს. რეალურ სიყვარულში მერაია ქერის მოსაბეზრებელი ჰიტის All I Want For Christmas Is You-ს ქავერიც კი ატანადია.

კოშმარი შობის წინ/The Nightmare Before Christmas

ანიმაცია ყველა ასაკის მაყურებლისთვის, კოშმარი შობის წინ ტიმ ბარტონის 1982 წლის პოემის ადაპტაცია, რომელშიც დენი ელფმანის დაუვიწყარი მუსიკა ჟღერს. ანიმაციური მიუზიკლის მთავარი გმირი ჯეკ სკელინგტონი ქალაქ ჰელოუნის მაცხოვრებელია, რომელიც სრულიად შემთხვევით შობის ქალაქს აღმოაჩენს. ახალი წლის სულისკვეთებით განსჭვალული ჯეკი უკან ბრუნდება და უჟმურ ჰელოუინელებს განსხვავებულ დღესასწაულს უზიარებს. სანტა-კლაუსის გატაცების შემდეგ, სკელინგტონი თავად ცდილობს ლაპლანდიელი წვეროსანის საქმის შესრულებას, მისი მცდელობა კოშმარით სრულდება. 

ეს მშვენიერი ცხოვრება/It's a Wonderful Life

ფრენკ კაპრას შედევრი. მძიმე ცხოვრებისეული სირთულეებით დაღლილ მთავარ გმირს დაავიწყდა, რომ კარს შობაა მომდგარი, რომ სიკეთე ყოველთვის ბრუნდება, რომ ცხოვრება მართლაც მშვენიერია. თითოეული ადამიანის სიცოცხლე უნიკალურია, ის ერთი დიდებული მთლიანობის ნაწილია და მის გარეშე სამყარო არასრულყოფილია. ფილმის გადაღებიდან თითქმის 80 წელია გასული, შეიცვალა მანქანები, ჩაცმულობა, თავად ადამიანებიც, მაგრამ დარჩა იდეალები, რომლებიც მარადიულია - სიყვარული და კეთილშობილება. 

კომენტარები