დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბენ უოლასი: ნაკლებად სავარაუდოა, ვინმემ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ჯარები გაგზავნოს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ არის, ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის დასახმარებლად ვინმემ ჯარები გაგზავნოს. ამის შესახებ მინისტრმა The Spectator-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"ფაქტია, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ არის, უდიდესი ალბათობით ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ჯარებს გაგზავნის. ხალხი არ უნდა მოვატყუოთ, რომ ამას გავაკეთებთ". – თქვა უოლასმა.

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, სწორედ ამიტომ დასავლეთს დიპლომატიური გზა აქვს არჩეული, რათა პუტინს უთხრას, უკრაინაში არ შეიჭრას. უოლასის თქმით, ხისტი ეკონომიკური სანქციები შეკავების ყველაზე სავარაუდო ფორმაა.

ბენ უოლასს ასევე ნათქვამი აქვს, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინელ ხალხს მხარში უდგას და მტკიცედ აქვს მათი მხარდაჭერა გადაწყვეტილი. უკრაინაში შეჭრის და ნებისმიერი "დესტაბილიზაციის გამომწვევი" ქმედების შემთხვევაში "მნიშვნელოვანი შედეგების" შესახებ რუსეთს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონიც აფრთხილებს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში სამხედროების გაგზავნის საკითხს არ განიხილავს აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაც. ბაიდენის თქმით, მიუხედავად რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხისა, "სამხედროების ცალმხრივად გაგზავნის საკითხი მაგიდაზე არ დევს".

დასავლური სახელმწიფოები რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მძიმე ეკონომიკური შედეგების შესახებ აფრთხილებენ. ბაიდენის თქმით, თუ პუტინი უკრაინაში შეიჭრება, რუსეთის ეკონომიკისთვის შედეგი დამანგრეველი იქნება.

უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ათიათასობით რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები