დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში ამერიკელი სამხედროების გაგზავნის საკითხს არ განიხილავს

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, მიუხედავად რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხისა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინაში ამერიკელი სამხედროების ცალმხრივად გაგზავნის საკითხს არ განიხილავს. 

"სამხედროების ცალმხრივად გაგზავნის საკითხი მაგიდაზე არ დევს". – ასე უპასუხა ბაიდენმა ჟურნალისტების შეკითხვას, გეგმავდა თუ არა აშშ-ს მთავრობა უკრაინაში სამხედროების გაგზავნას. 

"თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ამას უმძიმესი ეკონომიკური შედეგები [სანქციები] მოჰყვება და პუტინმა ამის შესახებ იცის". – თქვა ბაიდენმა. 

პრეზიდენტის თქმით, აშშ უკრაინის მეზობელ NATO-ს წევრ სახელმწიფოებში გეგმავს ამერიკული სამხედრო ძალის გაზრდას, თუმცა არა უშუალოდ უკრაინაში. 

უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, 90 000-მდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისისთვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაზე ჯო ბაიდენმა მკაფიოდ თქვა, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის შემთხვევაში აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთს ძლიერი ეკონომიკური და სხვა სახის ზომებით უპასუხებენ.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

 

კომენტარები