ალექსეი ნავალნი

"ცინიზმი, თვალთმაქცობა და კორუფცია პრაგმატიზმის საფარქვეშ" – ნავალნის შვილი ევროპარლამენტს

დარია ნავალნაია
EEP

ევროპარლამენტმა რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია მიანიჭა. ადამიანის უფლებების სფეროში ეს ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა. ჯილდო ალექსეი ნავალნის ნაცვლად მის შვილს დარია ნავალნაიას გადაეცა. სიტყვით გამოსვლაში მან ევროპელი პოლიტიკოსების "პრაგმატიზზმე" ისაუბრა:

როცა პირველად გავიგე, რომ მამაჩემს, ალექსეი ნავალნის სახაროვის პრემია მიანიჭეს, ძალიან გამიხარდა ორი მიზეზით: პირველი - ეს დიდი პატივია, მისი დამსახურების აღიარება და მაღალი შეფასება, იმ საქმისა რომელიც მან და მისმა კოლეგებმა შეასრულეს და კვლავ აგრძელებენ. რაც მთავარია, ეს არის გზავნილი იმ ათობით მილიონი ადამიანისათვის ჩემს ქვეყანაში, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას რუსეთის უკეთესი ბედის მოსაპოვებლად.

მეორე მიზეზსაც დავასახელებ, თუმცა ის ცოტა გულწრფელი და უხერხული იქნება. მამაჩემს ევროპარლამენტის ჯილდო მიანიჭეს. გასაგებია, რომ ვიღაც უნდა მოვიდეს და სიტყვით გამოვიდეს პარლამენტის წინ. სამწუხაროდ, გასაგები მიზეზების გამო, ის დღეს აქ ვერ იქნება. მაშინ ვიფიქრე – ალბათ ვინმე სწრაფად უნდა გაიქცეს სტრასბურგის ბილეთის საყიდლად და ისარგებლოს ამ შესანიშნავი ადგილის დათვალიერების შესაძლებლობით.

მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მივხვდი, რომ სინამდვილეში ეს შეიძლება კოშმარი გამხდარიყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის - სხვადასხვა კონფერენციებსა და სამიტებში მონაწილეობა, მამაჩემის სახელით საუბარი, ალბათ რაიმე ჯილდოს მიღება. მაგრამ სანამ მე ამ კონფერენციებზე დავდივარ და ამ გამოსვლებს ვწერ, ის ციხეშია. მე გავაგრძელებ მოგზაურობას იმ ახალი ამბების კითხვით, რა საშინელ პირობებშია მამაჩემი. და ამას ვერაფერს მოვუხერხებ, მე ვმოგზაურობ და სიტყვით გამოვდივარ, ის კი ისევ ციხეშია.

და ეს ეხება არა მხოლოდ ალექსეი ნავალნის. სად არიან ახლა სახაროვის პრემიის ლაურეატები - ბელარუსის ოპოზიციის წევრები? ძირითადად ციხეში. სად არის 2010 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ლიუ სიაობო? ის ციხეში გარდაიცვალა. დღეს საკუთარ თავს ვეკითხები: რატომ არის ასე რთული ტყვეობიდან ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლების გადარჩენა? რატომ ხდება, რომ ამ დრომდე, 21-ე საუკუნეში, მთელს მსოფლიოში და მათ შორის გეოგრაფიულად ევროპაში მდებარე ქვეყნებში მათ ციხეებში სვამენ?

ევროპა დიადი და ძლევამოსილია. ევროპის მცხოვრებლების ნება გამოხატულია ევროპარლამენტის წევრების რეზოლუციებში. ეს არის ნათელი, სწორი და სამართლიანი რეზოლუციები, რომლებსაც მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთი, აშშ, ავსტრალია, ახალი ზელანდია და მთელი თავისუფალი სამყარო. მაგრამ მაინც არიან ისეთებიც, რომლებიც კვლავ ციხეში არიან, მამაჩემის მსგავსად და ხედავენ, რომ უფრო და უფრო მეტი მათი მხარდამჭერები გისოსებს მირმა ხვდება.

იცით, უკვე ბევრჯერ მსმენია და ალბათ ცერემონიის შემდეგ, აქ ამ დერეფანებშიც მოვისმენ. მეტყვიან, "იცი, დაშა, მესმის, რას გრძნობ, რადგან ეს შენს ოჯახს და ახლობლებს ეხება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რეალურ სამყაროში ჩვენ უფრო პრაგმატულები უნდა ვიყოთ." და ამ დერეფნებში თავს დავხრი და ვუპასუხებ: "დიახ, რა თქმა უნდა". სხვა რა ვთქვა? მე მხოლოდ 20 წლის სტუდენტი ვარ და არ ვგრძნობ თავს თავდაჯერებულად გამოცდილ პრაგმატიკოსებთან კამათში.

თუმცა, დღეს ვისარგებლებ იმით, რომ მიკროფონი მაქვს, მას არავინ წაართმევს და არ მჭირდება ვინმესთან პირადად კამათი, რომელშიც თავს თავხედად ვიგრძნობ, და შევეწინააღმდეგები ამ პრაგმატიზმს.

ეს არის სახაროვის პრემია და ანდრეი სახაროვი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე არაპრაგმატული ადამიანი იყო პლანეტაზე. არ მესმის, რატომ არ შეუძლიათ მათ, ვინც დიქტატორებთან პრაგმატული ურთიერთობის მომხრეა, გადაშალონ ისტორიის წიგნები. ეს იქნება ძალიან პრაგმატული ნაბიჯი. ამის შემდეგ, ძალიან ადვილი იქნება გარდაუვალი პოლიტიკური კანონის გაგება: დიქტატორებისა და ტირანების დაშოშმინება არასოდეს მუშაობს.

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ადამიანი იტყუებს თავს იმ იმედით, რომ ხელისუფლებას ჩაბღაუჭებული მორიგი ბოროტმოქმედი დათმობებისა და წაყრუების საპასუხოდ წესიერად მოიქცევა, ეს არასოდეს მოხდება. ავტორიტარული ძალის არსი აგრესიის მუდმივ ზრდას და ახალი მტრების ძიებაშია.

მათ, ვინც ერთხელ თქვა "მოდით, ლუკაშენკაზე ზეწოლა არ მოვახდინოთ" და მასთან დიალოგი განაგრძო, როცა ის ხალხს სცემდა და გისოსებს მიღმა აგდებდა, მიაღწიეს მხოლოდ იმას, რომ ახლა ვინმეს ციხეში ჩასმისთვის ლუკაშენკო მთელ სამგზავრო თვითმფრინავს იძულებით სვამს.

კიდევ ერთი რამ, რისი გაკეთებაც პრაგმატიკოსებს რაღაც მიზეზით არ სურთ და რაც მათ უბიძგებს გაიხსენონ შესაძლო ხარჯები და ეკონომიკური ზარალი, მხოლოდ ის არის, რომ უბრალოდ აიღონ ხელში კალკულატორი და ნახონ, რა ფასად უჯდებათ მათი პრაგმატიზმი ევროპელ გადასახადების გადამხდელების.

პუტინისთვის წლების განმავლობაში წაყრუებამ მას აჩვენა, რომ რეიტინგის ასამაღლებლად ომის დაწყება არ სჭირდებოდა. რა დაუჯდება ევროპას უკრაინასთან ომი? ახლაც, მიუხედავად ცნობებისა, რომ რუსი სამხედროები უკრაინის საზღვრებთან არიან, ამაზე არავინ საუბრობს. არცერთი პრაგმატული ვაჭრობა და თანამშრომლობა არ აანაზღაურებს პირდაპირ ზარალს, რომელის გაღებაც საჭირო იქნება. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ დროის ხარჯზე, რომელიც თქვენნაირმა დასავლელმა პოლიტიკოსებმა დახარჯეს რუსეთ-უკრაინის პრობლემის გადაჭრაზე იმის ნაცვლად, რომ საკუთარი ქვეყნების პრობლემების გადაჭრაზე გემუშავათ.

რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი, ბორის ნემცოვი, კრემლის წინ ზურგში სროლით მოკლეს. პრაგმატიკოსებმა თქვეს: "ვერაფერს ვიზამთ. შემოვიფარგლოთ მკაცრი განცხადებებით და გავაგრძელოთ დიალოგი". შემდეგ კლავენ მეორეს, მესამეს, მეოთხეს კლავენ ბერლინის ცენტრში, მეხუთეს - დიდ ბრიტანეთში. შემდეგ აფეთქებენ საწყობებს ევროპაში და იწყებენ მკვლელობებს ქიმიური იარაღით. ჩვენ ვიცით მხოლოდ წარუმატებელი მკვლელობის მცდელობების შესახებ. რამდენი იყო წარმატებული?

ახლა ჩვენ ვიცით, რომ პუტინის სპეცსამსახურებში შეიქმნა ტერორისტების ნამდვილი ჯგუფი, რომელიც კლავს ჩემი ქვეყნის მოქალაქეებს სასამართლოს და სამართლიანობის გარეშე. ისინი ახლოს იყვნენ დედაჩემის მოკვლასთან და კინაღამ მოკლეს მამაჩემი. და ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ ხვალ ევროპელი პოლიტიკოსები მხოლოდ კარის სახელურზე შეხებით არ დაიხოცებიან. თქვენ უკვე ზრდით პოლიციის ბიუჯეტს და სპეცსამსახურებისთვის უამრავ ფულს გამოყოფთ. თქვენ ხარჯავთ მილიარდობით დოლარს ტოქსიკური ნივთიერებების გამოვლენის ახალი გზების მოსაძებნად. და ეს ყველაფერი პრაგმატიზმის შედეგია.

"ნუ აწვებით! ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სიფრთხილით და არ გავაბრაზოთ ისინი" - აცხადებენ პრაგმატიკოსები. ხვალ კი, დიქტატორები, დასავლეთის ნახევრად გულგრილი ზომებით შთაგონებული, ათასობით ადამიანს გადაჰყავთ ევროკავშირის საზღვრებთან, აიძულებენ ქალებსა და ბავშვებს შტურმით წავიდნენ საზღვრის ღობეებზე და ფარულად იმედოვნებენ, რომ ამ ხალხს ვინმეს დახვრიტეს ან ბრბოში გათელავს. პრაგმატიკოსებმა უპასუხონ, რა დაუჯდება ეს პოლონეთს, ლიტვას თუ მთელ ევროკავშირს?

პრაგმატიკოსი მეტყვიან: "რა გინდა? ეს სუვერენული სახელმწიფოებია. მათ აქვთ საკუთარი მთავრობები. ჩვენი შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია. შენ გვთავაზობ ბირთვული ომის დაწყებას პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებლად? რა თქმა უნდა, მე არ გთავაზობთ ომის დაწყებას. მაგრამ მე აღვნიშნავ, რომ ომი უკვე დაიწყო და მას რეალური მსხვერპლი ჰყავს. ამ ომში იყენებენ როგორც კიბერიარაღს, ასევე ქიმიურ იარაღს.

ის ფაქტი, რომ ევროპული ბანკები ათეთრებენ პუტინს და მის მეგობრებს მილიარდობით დოლარს, პუტინის ოლიგარქების იახტები იწვევს სენსაციას ევროპის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ხოლო რუსეთისა და ბელორუსის უმაღლესი თანამდებობის პირების 99% პირდაპირ კავშირშია დანაშაულთან, მაგრამ მაინც თავისუფლად შეუძლიათ ოჯახებთან ერთად იმოგზაურონ ევროპაში - ეს არის უტყუარი ნიშნებია იმისა, რომ ბევრი გადაწყვეტილების მიმღები არ ცდილობს ამ ბრძოლაში თუნდაც მცირე შეტაკების მოგებას.

მეჩვენება, რომ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ დიქტატორებთან უსასრულოდ მიბრუნება, ისეთ მიდგომა, რომ ისინი არ გაბრაზდნენ, რაც შეიძლება დიდი ხნით მათი დანაშაულის უგულებელყოფა - ეს არ არის პრაგმატული მიდგომა. დროა პირდაპირ ვთქვათ: პრაგმატიზმის საფარქვეშ ცინიზმი, თვალთმაქცობა და კორუფცია იმალება. იდეალიზმსა და პრაგმატიზმს შორის მუდმივი ომია. ევროპის პოლიტიკაში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. მაგრამ პრაგმატიზმის სასარგებლო არჩევანიც კი არ უნდა ნიშნავდეს საკუთარი იდეების ღალატს.

მამაჩემს რომ მივწერე და ვკითხე, რა უნდოდა მეთქვა თქვენს წინაშე გამოსვლისას, მან მიპასუხა: "თქვი, რომ რუსეთი პუტინის რეჟიმთან არავინ უნდა გააიგივოს. რუსეთი ევროპის ნაწილია და ჩვენ ვიბრძვით, რომ ნამდვილად გავხდეთ მისი ნაწილი, მაგრამ ჩვენ ასევე გვინდა, რომ ევროპამ იბრძოლოს საკუთარი თავისთვის, იმ მშვენიერი პრინციპებისთვის, რომლებიც მას საფუძვლად უდევს. ჩვენ ვიბრძვით ევროპისთვის, რომელიც განასახიერებს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და ერთიანობის იდეების ტრიუმფს. ჩვენ არ გვინდა იმ კანცლერებისა და მინისტრების ევროპა, რომლებიც ოცნებობენ პუტინის სახელმწიფო კომპანიების დირექტორთა საბჭოში მიიღონ სამუშაო ან ოლიგარქების იახტებზე გაისეირნონ.

დღეს ამ სცენაზე, მამაჩემის, ალექსეი ნავალნის ნაცვლად ამ შესანიშნავი ჯილდოს მიღებისას, მადლობას გიხდით და თქვენი სახით მივესალმები იდეებისა და პრინციპების ევროპას. ევროკავშირი არის საოცარი სასწაული, რომელიც შექმნილია იმ ერების მიერ, რომლებიც თავიანთი ისტორიის განმავლობაში ერთმანეთს ებრძოდნენ. მიუხედავად ყველა პრობლემისა და სირთულისა, ევროკავშირი გააგრძელებს არსებობას. მჯერა, რომ მომავალში ჩემი ქვეყანა გახდება მისი ნაწილი.

სიტყვის დასასრულს მინდა ჩემი დიდი თანამემამულის ციტატა მოვიყვანო, რომლის სახელიც დაარქვეს ეს ჯილდოს: "ჩემი ბედი რაღაც მხრივ განსაკუთრებული იყო. არა ცრუ მოკრძალების გამო არამედ სიზუსტის სურვილით, აღვნიშნავ, რომ ჩემი ბედი ჩემს პიროვნებაზე დიდი აღმოჩნდა. მე უბრალოდ ვცდილობდი ვყოფილიყავი ჩემი ბედის მოთხოვნების შესაბამისი." იმედია, ყველას გვეყოფა ძალა, ვიყოთ ჩვენი ბედის მოთხოვნების შესაბამისი.

თავისუფლება ალექსეი ნავალნის!

მადლობა


2020 წლის 20 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე ცუდად გახდა. ის ქალაქ ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი დღეს შემდეგ ის გერმანიაში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს, სადაც მას ქოლინესტერაზას ინჰიბიტორით მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს. სხვადასხვა დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ტოქსინი, რომლითაც ნავალნი მოწამლეს ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტია.

რუსი ოპოზიციონერი თითქმის ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო. ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან 22 სექტემბერს გაწერეს. მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გავლის შემდეგ ის რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. პოლიტიკოსი ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს.

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

კომენტარები