კრიმინალი

"აეროპორტში ტაქსებს თანხის ქურდულ საერთოში შეტანას სთხოვდნენ" – შსს-მ 9 პირი დააკავა

შსს

ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს წევრისათვის მიმართვის და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, პოლიციამ 9 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები საზღვარგარეთ მყოფი ქართველი კანონიერი ქურდის დავალებითა და საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით 2021 წლის მაისიდან ორგანიზებას უწევდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომუშავე თვითდასაქმებული კერძო ტაქსის მძღოლებისაგან ე.წ ქურდული საერთოს შეგროვებას.

"აღნიშნულის განხორციელების მიზნით, ისინი ქურდული სამყაროს მხარდამჭერ ტაქსის მძღოლებს – გ.მ.-ს, დ.გ.-ს და გ.კ.-ს, რომლებმაც იცოდნენ ქურდული სამყაროს წევრების საქმიანობის შესახებ, ასევე, აეროპორტის ტერიტორიაზე მომუშავე სხვა თვითდასაქმებულ ტაქსისტებს სთხოვდნენ ე.წ. ქურდულ საერთოში შეეტანათ მათ მიერ გამომუშავებული თანხის ნახევარი, რის სანაცვლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე შეუზღუდავი მუშაობის საშუალება მიეცემოდათ. ქურდული სამყაროს წევრები – გ.ლ., გ. გ. და ბ. ჟ. სისტემატურად აკონტროლებდნენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე კერძო ტაქსით მუშაობის უფლება ჰქონოდათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ე.წ. ქურდული საერთოსთვის თანხას იხდიდნენ". – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულები არიან: 1992 წელს დაბადებული გ.ლ. (მეტსახელად აბაშა), 1993 წელს დაბადებული ბ.ჟ, 1984 წელს დაბადებული გ.გ, 1992 წელს დაბადებული გ.მ. (მეტსახელად ბუბლიკა), 1989 წელს დაბადებული დ.გ, 1990 წელს დაბადებული გ.კ, 1997 წელს დაბადებული გ.თ, 1962 წელს დაბადებული ნ. ჩ. (მეტსახელად მეგრელა) და 1991 წელს დაბადებული დ.ს.

ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე პრიმა-3 მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე პრიმა-4 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები