ენმ

ენმ: რეჟიმის ცვლილებისას მოგვიწევს რეაგირება პოლიციელების და მოსამართლეების უკანონობაზე

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლების ცვლილებას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება იმ პოლიციელებისა და მოსამართლეების მიმართ, რომლებიც, მისი თქმით, უკანონობას სჩადიან.

"არ შეიძლება, არ აღინიშნოს მეორე მხარე, ვგულისხმობ მოსამართლეებს და პოლიციელებს, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იღებენ გადაწყვეტილებას. მეგობრებო, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ როცა მტკიცებულებების გარეშე გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიდიხართ და უკანონოდ აკავებთ სამოქალაქო აქტივისტებს, ასევე თქვენ ჩადიხართ სისხლის სამართლის დანაშაულს. ვგულისხმობ იმ პოლიციელებს, რომლებიც, რიგ შემთხვევაში, შემდეგ სასამართლოზე ცრუ მოწმეები არიან ხოლმე და მოსამართლეებს, რომლებიც იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. 

ჩვენ ყველა ასეთ აქციას ვაარქივებთ, სადაც კარგად არის აღბეჭდილი, რომ კონკრეტული სამოქალაქო აქტივისტები არ სჩადიან არანაირ დანაშაულს და მათი დაკავება ხდება უკანონოდ. შესაბამისად, რეჟიმის ცვლილებასთან ერთად, იქნება ადეკვატური რეაგირება ამ საკითხებზე – როგორც ადმინისტრაციული წესით დაკავებულების კომპენსაციაზე, ასევე, უკანონოდ მყოფი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ კომპენსაციაზე და იმ სამართლებრივი ღონისძიებების გატარებისკენ, რომლებიც აუცილებლად მოგვიწევს იმ პოლიციელებზე და მოსამართლეებზე, რომლებიც სჩადიან უკანონობას". – თქვა ხაბეიშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ქართული ოცნება აღარ იქნება, პარტიის ინიციატივით, უსამართლოდ დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებს ჯარიმებს ჩამოაწერენ და მათ კომპენსაციას გადაუხდიან.  

კომენტარები