ევროინტეგრაცია

ევრონესტმა აღმ. პარტნიორების EU-ს საერთო ბაზარში დაჩქარებით მიღებაზე წინადადება წამოაყენა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე, რომელიც 15 დეკემბერს გაიმართება, წამოაყენა წინადადება, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის საერთო ბაზარში, იგივე ევროპის ეკონომიკურ ზონაში დაჩქარებით ინტეგრაციის შესახებ. 

განცხადება გამოაქვეყნეს ევრონესტის თანაპრეზიდენტებმა, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილუსმა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

ევრონესტი არის ევროკავშირის შიდასამარლამენტო ფორუმი, რომელშიც გაერთიანებული არიან ევროპარლამენტარები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის წარმომადგენლები. 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიურო საკუთარი წერილით ევროკავშირს სთხოვს გამოიმუშაონ დამატებითი გეოპოლიტიკური იმპულსი, ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით, რაც საჭიროა აღმოსავლელი პარტნიორებისთვის რეფორმების შემუშავების, რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების მოტივაციისთვის. 

ბიურომ ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ უფრო ამბიციური და სტრატეგიული პოლიტიკის შემუშავებისკენ, ევროკავშირის საერთო ბაზარში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დაჩქარებულად ინტეგრაციის ცხადი პოლიტიკის გატარებისკენ. 

ევრონესტის ბიუროს მიხედვით, მსგავსი ინტეგრაცია შეიძლება დაეყრდნოს Romano Prodi-ს პრინციპს, რაც გულისხმობს ყველაფრის ინტეგრაციას, ინსტიტუციების გარდა. მსგავსი პრაქტიკის მაგალითად მოყვანილი 1990-იან წლებში ჩრდილოეთის ქვეყნებისა და ავსტრიის ევროპის ეკონომიკურ ზონაში ინტეგრაცია. 

"დროა სტრატეგიული გარღვევისთვის, რათა დაძლეულ იქნას ინტეგრაციის ჩიხი. აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრიო კონცენტრირებული უნდა იყოს ევროკავშირის საერთო ბაზარში ინტეგრაციაზე", –  დაწერა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე. 

ევრონესტის განცხადებაში ხაზია გასმული, რომ ევროკავშირის პოლიტიკის ცვლილების პარალელურად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული სამეულის (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) ქვეყნებმა უნდა აჩვენონ, რომ რეფორმებს სერიოზულად ეკიდებიან. 

"ევროკავშირის მხრიდან უფრო ცხადი პერსპექტივის ნაკლებობამ, შესაძლოა, შეასუსტოს პარტნიორი ქვეყნების მისწრაფება ინტეგრაციისკენ და მოტივაცია, ასოცირებულ სამეულს შორისაც კი, რეფორმების გატარებისკენ. შესაძლოა ამ ქვეყნებში გაიზარდოს პოლიტიკური პოლარიზაცია. ამის პარალელურად, პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა დაგვანახონ, რომ სერიოზულად ეკიდებიან რეფორმებს, კერძოდ კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის შესახებ, რადგან პირობითობა უნდა დარჩეს ევროკავშირის ერთ-ერთ მოწინავე პრინციპად და მომავალ ინტეგრაციამდე უნდა მოხდეს არსებული შეთანხმებების შესრულება", – წერია განცხადებაში. 

კომენტარები