კორონავირუსი საქართველოში

სამინისტრო: ამ ეტაპისთვის მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის 71% აცრილია

thedailysheeple.com

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია. მათივე ცნობით, საქართველოს მასშტაბით შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვი. ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 108 სკოლა და 369 ცალკეული  კლასი.

ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.8%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს.

სამინისტროს განცხადებით, სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს მასწავლებელთა ტესტირება, ასევე მაქსიმალურადაა დაცული ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები.

ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 35 841 ტესტი და დადასტურდა 2 922 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 999 პაციენტი.

12 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე 1 დოზით აცრილია 1 230 347 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 43.3%. სრულად ვაქცინირებულია 1 046 097 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 36.6%. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 31 256 ადამიანს.

კომენტარები