ეკონომიკა

2021 წლის 9 თვეში საქართველოში $728.4 მილიონის ინვესტიცია შემოვიდა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის 3 კვარტალში საქართველოში 728.4 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.2%-ით აღემატება. 

უშუალოდ მესამე კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 299 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2020 წლის მესამე კვარტალის მონაცემებს 1.4%-ით აღემატება. 

საქსტატის თანახმად, ინვესტიიების ზრდა ძირითადად განპირობებულია რეინვესტიციის მაჩვენებლის გაზრდით და არა ახალი ინვესტიციებით.

თუ წლევანდელ მონაცემებს 2019 წლის, პანდემიამდელ მონაცემებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ 2021 წლის 3 კვარტალში ინვესტიციები 24%-ითაა შემცირებული.

2021 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა:

  • გაერთიანებული სამეფო - $271.1
  • ნიდერლანდები - $106.4
  • ჩეხეთი - $81
  • თურქეთი - $75.6
  • რუსეთი - $53.3

რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, ყველაზე მეტი ინვესტიცია - $324.5 მლნ საფინანსო სექტორში ჩაიდო. მეორე ადგილზე $175.5 მილიონით ენერგეტიკაა, მესამეზე $131 მილიონით დამამუშავებელი მრეწველობა, ხოლო მეოთხე და მეხუთე ადგილებზე უძრავი ქონება და ჯანდაცვა, რომლებშიც, შესაბამისად, $40.6 მილიონი და $24.9 მილიონი ჩაიდო.

კავშირგაბმულობასა და სამთო მრეწველობაში ინვესტიციებმა -59 მლნ აშშ დოლარი და -25.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ სექტორებიდან ინვესტიციების გადინება მოხდა. 

კომენტარები