თბილისის მერია

"მოგვიწევს, გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას, მივიღებთ ზომებს" – კალაძე მედიას ემუქრება

კახა კალაძე
თბილისის მერია

თბილისის მერი, კახა კალაძე მედიას ემუქრება. როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, ის იღებს პასუხისმგებლობას, მედიის ყველა შეკითხვას უპასუხოს, თუმცა, ინფორმაცია დედაქალაქის სიახლეებთან დაკავშირებით საზოგადოებამდე მიზანმიმართულად არ მიდის.

მისივე თქმით, თუ კონკრეტული მედიები "ობიექტურად" არ გააშუქებენ მერიის პროექტებს, ის მათთან ურთიერთობას გადახედავს. 

"არის კონკრეტული მედიასაშუალებები, რომლებიც, სამწუხაროდ, არცერთ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით არ ავრცელებენ. გიწვევთ იმისთვის, რომ გააშუქოთ ის პროექტები, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით. ეს ინფორმაცია მიზანმიმართულად არ ვრცელდება საინფორმაციოებში. არ იფიქროთ, რომ ვინმეს საინფორმაციო პოლიტიკას ვაკონტროლებ, მაგრამ რაღაც წესი, ჩარჩოები ხომ არსებობს? მოდიხართ, იღებთ, არ აშუქებთ. მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო კომუნიკაბელური თქვენთან. სვამთ შეკითხვას სხვადასხვა თემებზე და ვცდილობ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში გიპასუხოთ ამ შეკითხვებზე. როდესაც ვიკრიბებით გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად, ხიდის მშენებლობის თაობაზე, შეიძლება თქვენი შეკითხვა ამ საკითხს არ უკავშირდებოდეს, მაგრამ მე როგორც ქალაქის მერი ვიღებ პასუხისმგებლობას, ვცდილობ, რომ თქვენც კომფორტი შეგიქმნათ და გიპასუხოთ თქვენს ყველა შეკითხვაზე, მაგრამ როდესაც არ შუქდება ის კონკრეტული ინფორმაცია და არ მიეწოდება საზოგადოებას, მგონია, რომ ძალიან ცუდია. ასე რომ, თუ ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს, გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას და ამ მიმართულებით მივიღებთ კონკრეტულ ზომებს".- ამბობს კახა კალაძე. 

კომენტარები