ენმ

ნიკა მელია: სუს-თან თანამშრომლობას არ ვაპირებ, გამოკითხვაზე არ მივალ

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ სუს-თან თანამშრომლობას არ აპირებს და გამოკითხვაზე არ მივა. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა. 

"მე ვიფიქრე, თუ რა იქნებოდა მათი მხრიდან ჩემი დაბარების აუცილებლობა უკანასკნელი ორი გადაცემა, სადაც მე თქვენ კოლეგა ჟურნალისტებთან ვიყავი და არ დავმალე, რომ ჩვენ ვემზადებით არაძალადობრივი საპროტესტო აქციებისთვის, ვემზადებით, რომ რეჟიმის დასაყრდენი ბურჯები მაქსიმალურად დავასუსტოთ და ვემზადებით პიკისთვის ამ საპროტესტო აქციების. როგორც ჩანს, მათ მიიჩნიეს ეს მათთვის საინტერესოდ და ამას ემსახურება ის შეტყობინება, რომელიც მივიღე...

მოიტანენ ამ უწყებას თუ არ მოიტანენ, ერთი რამ მინდა იცოდნენ, რომ მე, როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ამ სისულელეში მონაწილეობას არ მივიღებ და თუ რამე კითხვები აქვთ, გამოვიდნენ და საჯაროდ ისაუბრონ. 

სუს-ში არ მივალ. ამ საქმის ფარგლებში, უბრალოდ არ ვაპირებ თანამშრომლობას... გამორიცხულია, ამ აბსურდულ, სამარცხვინო ღირსებაშემლახველ უწყებას, რომელსაც მე მომიტანენ, ნამდვილად არ ვუპასუხებ სუს-ის შენობაში მისვლით".- ამბობს ნიკა მელია. 

ნიკა მელიას ინფორმაციით, "კონკრეტული განცხადებების ირგვლივ" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იბარებენ. 

ენმ-ს ლიდერი, ხატია დეკანოიძე წერს, რომ ე.წ სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მორიგი სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო.

ტაბულა საქმესთან დაკავშირებით დამატებითი დეტალების მისაღებად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა და პასუხს ამ დრომდე ელოდება. 

კომენტარები