უკრაინა

კიევში დემონსტრანტები ზელენსკის გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების დანიშნვას ითხოვენ

დემონსტრანტები კიევის ქუჩებში
Unian

უკრაინაში, კიევში, თავისუფლების მოედანსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან ასობით დემონსტრანტია შეკრებილი, რომლებიც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის გადაყენებასა, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშნვასა და ახალი კოალიციის შექმნას ითხოვენ. ასევე, მათი ერთ-ერთი მოთხოვნაა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი იერმაკის თანამდებობიდან გათავისუფლება. 

უკრაინული მედიის ცნობით, საპროტესტო აქციაზე მოჩანს დემოკრატიული ცულის, ეროვნული კორპუსისა და სხვა პოლიტიკური ძალების დროშები. 

დემოკრატიული ცული 2018 წელს შექმნილი და 2019-ში დარეგისტრირებული პარტიაა, რომელიც კლასიკურ ლიბერალურ ღირებულებებზე დგას. ეროვნული კორპუსი 2016 წელს შექმნილი ულტრა-მემარჯვენე პარტიაა, რომელსაც ანდრიი ბილეცკი ხელმძღვანელობს. ეროვნული კორპუსის მხარდამჭერების ნაწილს წარმოადგენენ 2014 წელს, დონბასის ომის დაწყების დროს ფორმირებული მოხალისეთა რაზმის – აზოვის ბატალიონის წევრები.

გადაკეტილია რამდენიმე ქუჩა და მობილიზებული არიან სამართალდამცველები. უკრაინული მედიის ცნობით, კიევში მზადყოფნაშია 4 500 სამართალდამცველი და ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი. 

აქამდე, 26 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების გეგმების შესახებ, რომელიც, მისი თქმით, 1-2 დეკემბერს იგეგმებოდა და მასში რუსული მხარეც იყო გარეული.

1-ელ დეკემბერს საპროტესტო აქციები ზელენსკის სიტყვით გამოსვლამდე კაპიტულაციის წინააღმდეგობის მოძრაობის მიერ იგეგმებოდა. ამ მოძრაობაში გაერთიანებულია სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები. მათ 21 ნოემბერს  პრეზიდენტის ადმინისტრაციის მეთაურის, იერმაკის გათავისუფლება მოითხოვეს. ამაზე 30 ნოემბერს ისაუბრა დემოკრატიული ცულის პოლიტსაბჭოს წარმომადგენელმა, ერთ-ერთმა ლიდერმა, მოთხოვნის წამყენებლმა და აქციების თანაორგანიზატორმა, იური გუდიმენკომ. მისი თქმით, იერმაკი შესაძლოა გარეული იყოს უკრაინის მიერ რუსული დაქირავებული სამხედროების დაჯგუფების, ვაგნერის წევრების დაკავების მისიის ჩავარდნაში. ვაგნერის მებრძოლებმა დონბასში 2014 წლის ომის დროს სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს. თუ ზელენსკი იერმაკის გათავისუფლებაზე უარს იტყოდა, მოძრაობა საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებდა.

"თუ ზელენსკი იერმაკსა და უკრაინას შორის იერმაკს ირჩევს, ცხადია, რომ ასეთ პრეზიდენტს თანამდებობაზე არაფერი ესაქმება. ანუ, ამ შემთხვევაში, ზელენსკის თანამდებობაზე ვისაუბრებთ", – თქვა გუდიმენკომ. 

გუდიმენკოს თქმით, 26 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტის გაკეთებული განცხადება "ცეცხლზე ნავთის მისხმა იყო". ის სკეპტიკურად უყურებს ზელენსკის მიერ ნახსენებ სახელმწიფო გადატრიალების ინფორმაციას. ასევე, მან ახსენა, რომ ესმით უკრაინის საზღვრებთან მყოფი რუსული ჯარის საფრთხე, ამიტომაც ისინი ფრთხილად იმოქმედებენ. ოპოზიციური გაერთიანება მშვიდობიან აქციებს გეგმავს.

კაპიტულაციის წინააღმდეგობის მოძრაობა არის სამოქალაქო ორგანიზაციებისა და პარტიების გაერთიანება, რომელიც მინსკის შეთანხმების პოლიტიკურ ნაწილის იმპლიმენტაციას ეწინააღმდეგება და მათი მიზანია უკრაინის ევროატლანტიკური კურსის შენარჩუნება. მოძრაობის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ანდრეი იერმაკს კავშირი აქვს კრემლთან. 

ეროვნული კორპუსის წარმომადგენლები ასევე ითხოვდნენ პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლების: ანდრეი იერმაკის, რუსლან დემჩენკოსა და ოლეგ ტატაროვის თანამდებობიდამ გათავისუფლებას. ასევე, ისინი უკმაყოფილო იყვნენ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ და მას მოღალატე უწოდეს. ეროვნული კორპუსი უკმაყოფილოა ზელენსკის პოლიტიკით, მათი თქმით, ის ვერ აგვარებს უკრაინის შიდა და გარე პრობლემებს, რესურსებს კი ახლო წრეზე ხარჯავს. 


უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება. მისი თქმით, ამ გეგმას განიხილავდნენ უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები. 

"მივიღე ინფორმაცია, რომ პირველ რიცხვში ჩვენს სახელმწიფოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდება. საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. 1-2 დეკემბერს...", – თქვა ზელენსკიმ. 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გადატრიალების გეგმაში ბიზნესმენი რინატ ახმეტოვის ჩართვას ცდილობენ.

"შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ აგენტების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, არამედ ხმოვანი გვაქვს ინფორმაციაც, რომელშიც, ასე ვთქვათ, უკრაინის წარმომადგენლები რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ რინატ ახმეტოვის უკრაინის სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობას, რომ შეგროვდება მილიარდი დოლარი და ა.შ.  ვთვლი, რომ ეს ბიზნესმენი რინატ ახმეტოვის წამოწყებაა. ვთვლი, რომ ეს ოპერაციაა. ისინი ცდილობენ მის ჩათრევას უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში. ვვარაუდობ, რომ ეს მან წამოიწყო. ვფიქრობ, რომ, საუბედუროდ, ეს მისი დიდი შეცდომა იქნება, რადგან საკუთარი ხალხისა და მათ მიერ არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეიძლება", – ამბობს ზელენსკი.

ზელენსკი ასევე განიხილავს ვერსიას, რომ შესაძლოა ბიზნესმენმა არ იცოდეს, რომ მისი სახელმწიფო გადატრიალებაში ჩათრევა სურთ. ამიტომაც, რინატ ახმეტოვს სთავაზობს შესაბამის ორგანოებში მისვლას, სადაც არსებულ ინფორმაციას მოასმენინებენ. 

"სახელმწიფო გადატრიალებას არა რინატ ახმეტოვი, არამედ [ჩაწერილი] საუბრის მონაწილეები გეგმავენ. ზოგიერთი ადამიანი, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები და ზოგიერთი უკრაინელი ამხანაგი განიხილავენ, რომ საზოგადოება თითქოს მზადაა და მათ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ, რომ დღეს რინატ ახმეტოვი მზადაა ჩაერთოს,  სახელმწიფო გადატრიალების საკითხში, ასე ვთქვათ, მოქმედი პრეზიდენტის შეცვლაში. ვფიქრობ, რომ ეს ინფორმაცია სპეციალურად იმისთვისაა, რომ ახმეტოვი ომში ჩაითრიონ. ის უკვე ჩათრეულია საინფორმაციო ომში, ჩემს წინააღმდეგ, სახელმწიფოს წინააღმდეგ", – ამბობს ზელენსკი.

"ვფიქრობ, რომ მთელ ამ ისტორიაში მის ჩათრევას მისი ახლო წრე ცდილობს. ვფიქრობ, ეს დიდი საფრთხეა. თუმცა, რადგან სახელმწიფო გადატრიალებების არ მჯერა, არ მგონია, რომ ახმეტოვი ამაში პირდაპირ გაეხვას", – დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.

გასათვალისწინებელია არსებული დაძაბული სიტუაცია უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის საზღვარზე, სადაც 100 000-მდე რუსი სამხედროა თავმოყრილი და შეინიშნება უჩვეულო სამხედრო გადაადგილებები. 

აქამდე, გასულ დღეებში უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთი უკრაინის შიდა დესტაბილიზაციას შეეცდებოდა.

კომენტარები