უკრაინა

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება. მისი თქმით, ამ გეგმას განიხილავდნენ უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლები. 

"მივიღე ინფორმაცია, რომ პირველ რიცხვში ჩვენს სახელმწიფოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდება. საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. 1-2 დეკემბერს...", – თქვა ზელენსკიმ. 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გადატრიალების გეგმაში ბიზნესმენი რინატ ახმეტოვის ჩართვას ცდილობენ.

"შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ აგენტების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, არამედ ხმოვანი გვაქვს ინფორმაციაც, რომელშიც, ასე ვთქვათ, უკრაინის წარმომადგენლები რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ რინატ ახმეტოვის უკრაინის სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობას, რომ შეგროვდება მილიარდი დოლარი და ა.შ.  ვთვლი, რომ ეს ბიზნესმენი რინატ ახმეტოვის წამოწყებაა. ვთვლი, რომ ეს ოპერაციაა. ისინი ცდილობენ მის ჩათრევას უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში. ვვარაუდობ, რომ ეს მან წამოიწყო. ვფიქრობ, რომ, საუბედუროდ, ეს მისი დიდი შეცდომა იქნება, რადგან საკუთარი ხალხისა და მათ მიერ არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეიძლება", – ამბობს ზელენსკი.

ზელენსკი ასევე განიხილავს ვერსიას, რომ შესაძლოა ბიზნესმენმა არ იცოდეს, რომ მისი სახელმწიფო გადატრიალებაში ჩათრევა სურთ. ამიტომაც, რინატ ახმეტოვს სთავაზობს შესაბამის ორგანოებში მისვლას, სადაც არსებულ ინფორმაციას მოასმენინებენ. 

"სახელმწიფო გადატრიალებას არა რინატ ახმეტოვი, არამედ [ჩაწერილი] საუბრის მონაწილეები გეგმავენ. ზოგიერთი ადამიანი, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები და ზოგიერთი უკრაინელი ამხანაგი განიხილავენ, რომ საზოგადოება თითქოს მზადაა და მათ ინფორმაცია უნდა მიაწოდონ, რომ დღეს რინატ ახმეტოვი მზადაა ჩაერთოს,  სახელმწიფო გადატრიალების საკითხში, ასე ვთქვათ, მოქმედი პრეზიდენტის შეცვლაში. ვფიქრობ, რომ ეს ინფორმაცია სპეციალურად იმისთვისაა, რომ ახმეტოვი ომში ჩაითრიონ. ის უკვე ჩათრეულია საინფორმაციო ომში, ჩემს წინააღმდეგ, სახელმწიფოს წინააღმდეგ", – ამბობს ზელენსკი.

"ვფიქრობ, რომ მთელ ამ ისტორიაში მის ჩათრევას მისი ახლო წრე ცდილობს. ვფიქრობ, ეს დიდი საფრთხეა. თუმცა, რადგან სახელმწიფო გადატრიალებების არ მჯერა, არ მგონია, რომ ახმეტოვი ამაში პირდაპირ გაეხვას", – დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.

გასათვალისწინებელია არსებული დაძაბული სიტუაცია უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის საზღვარზე, სადაც 100 000-მდე რუსი სამხედროა თავმოყრილი და შეინიშნება უჩვეულო სამხედრო გადაადგილებები. 

აქამდე, გასულ დღეებში უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთი უკრაინის შიდა დესტაბილიზაციას შეეცდებოდა.

კომენტარები