ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსს კიდევ 65 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ჯამურად Covid 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 12 119 გახდა. აქედან 1 983 პაციენტი მხოლოდ ნოემბრის თვეში გარდაიცვალა.
საქართველო მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობით მსოფლიოში მე-8 ადგილზეა, ბოლო 1 კვირის მონაცემით კი - მე-5-ზე.
რაც შეეხება ვაქცინაციას, საქართველოში სულ მცირე 1 დოზით მხოლოდ 1 156 998 ადამიანია აცრილი (მოზრდილი მოსახლეობის 40.7%), ხოლო სრულად - 998 613 ადამიანი (35%).
COVID 19-ით ინფიცირების და სიკვდილიანობის გაზრდილი შემთხვევების მიუხედავად, საქართველოს პრემიერმინისტრი კვლავ იმეორებს, რომ სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს, მათ შორის, არც პრიორიტეტული ჯგუფებისთვის (ექიმები და მასწავლებლები), რასაც NCDC ითხოვს. მეტიც, მწვანე პასპორტებში, რომელიც პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა, განსაზღვრული არ არის კორონავირუსის გადატანის ექვსთვიანი ვადა. ყველა, ვინც ინფიცირებულთა ბაზაშია, თუნდაც გასულ წელს გადატანილი ვირუსის გამო, მწვანე სტატუსით სარგებლობას შეძლებს.