სათამაშო

ბებიამ სათამაშო შეიძინა, რომელიც აღმოჩნდა, რომ პოლონურად იგინება და კოკაინზე მღერის

Befunky

ონტარიოში მცხოვრებმა ქალმა, ანია ტანერმა სუპერმარკეტ Walmart-ში 15 თვის შვილიშვილისთვის სათამაშო იყიდა, რომელიც ანოტაციის მიხედვით ბავშვის განვითარებას ემსახურება და სამ ენაზე – ინგლისურად, ესპანურად და პოლონურად მღერის. 

ტანერმა აღმოაჩინა, რომ სათამაშოში პოლონელი რეპერის Cypis-ის სიმღერაა ჩაწერილი. ტექსტში ხშირად არის გამოყენებული არანორმატიული ლექსიკა, ასევე ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი კოკაინის მოხმარებაზეც მღერის. 

"წარმოშობით პოლონელი ვარ. შოკირებული ვარ სიმღერის ტექსტით. რაღაც ხუმრობას აქვს ადგილი. ეს სათამაშო იგინება და კოკაინის მიღებაზე მღერის, ბავშვისთვის ვიყიდე. იმედი მაქვს Wallmart თანხას ამინაზღაურებს". – ამბობს ინტერვიუში ტანერი.

მომხმარებლის ჩივილს Walmart-ის კანადური ოფისი განცხადებით გამოეხმაურა:

"სათამაშო ჩვენი წარმოებული არ არის. მესამე მხარისგან შევიძინეთ, ამ დროისთვის ის გაყიდვიდან ამოღებულია, ვცდილობთ მეტი ინფორმაცია მოვიძიოთ მწარმოებლების შესახებ". – წერია განცხადებაში.

როგორც გაირკვა სათამაშო ჩინეთშია წარმოებული და Walmart-ის ქსელში $25.85-ად იყიდებოდა. 

Cypis-ის თქმით მწარმოებელმა კომპანიამ მისი სიმღერა უკანონოდ გამოიყენა და საავტორო უფლებების დარღვევისთვის ჩივილს აპირებს.

კომენტარები