აშშ-ჩინეთი

შპიონაჟის საფრთხის გამო, აშშ-მ ათამდე ჩინური ტექნოლოგიური კომპანია შავ სიაში შეიყვანა

ჯო ბაიდენი
ფოტო: hbr.org

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ათამდე ჩინური ტექნოლოგიური კომპანია სავაჭრო დეპარტამენტის ე.წ. შავ სიაში შეიყვანა

CNBC-ის ინფორმაციით, აკრძალული კომპანიების სიაში მოხვედრის მიზეზი ინდუსტრიული შპიონაჟის საფრთხე და ჩინეთის სამხედრო ძალებთან შესაძლო კავშირებია.

აშშ-ს დაზვერვის შეფასებით, 8 ჩინური კომპანია ამერიკული წარმოების სამხედრო ტექნიკისა და კვანტური კომპიუტერების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის მოპარვას და მის ჩინეთის მთავრობასთან გაზიარებას ცდილობდა. 

ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში შავ სიაში 27 კომპანია და ინდივიდი შევიდა, მათი უმეტესობა ჩინეთიდან, რუსეთიდან და პაკისტანიდანაა. სავაჭრო დეპარტამენტის შავ სიაში მოხვედრილ კომპანიებს ეზღუდებათ ამერიკულ ბაზარზე შესვლა და ადგილობრივ კომპანიებთან თანამშრომლობა. 

აშშ-ს შავ სიაშია მოხვედრილი ჩინური ტექნოლოგიური გიგანტები: Huawei, Xiaomi და ZTE.

ჩინური კანონმდებლობის თანახმად, მთავრობის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, ნებისმიერი ჩინური კომპანია ვალდებულია, დაუყოვნებლივ გადასცეს მთავრობას ნებისმიერი სახის ინფორმაცია მომხმარებლების, პროდუქტებისა და სტატისტიკის შესახებ, მათ შორის მომხმარებლების ძებნის და აქტივობის ისტორიაც კი. 

კიბერუსაფრთხოების ექსპერტების შეფასებით, ჩინეთის კანონმდებლობა შეუძლებელს ხდის ინფორმაციის დაცულობის გარანტირებას და ის ეროვნული უსაფრთხოებისათვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. 

 

კომენტარები