სახალხო დამცველი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: მთავრობამ ომბუდსმენის მანდატს პატივი უნდა სცეს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა ქართული ოცნების თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, გააკეთა საქართველოს სახალხო დამცველის მხარდამჭერი განცხადება, რომელშიც ის საქართველოს მთავრობას ომბუდსმენის მანდატის პატივისცემისკენ მოუწოდებს. 

"ქართველმა პოლიტიკოსებმა სახალხო დამცველის დამოუკიდებელ მანდატს სრულად უნდა სცენ პატივი", – ნათქვამია მიატოვიჩის განცხადების სათაურში.

დუნია მიატოვიჩი განცხადებაში წერს:

"მიუღებელია საქართველოს პარლამენტარების მიერ საქართველოს სახალხო დამცველზე საჯარო თავდასხმები, მისი და მისი სამსახურის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის პატიმრობასთან და შიმშილობასთან დაკავშირებული საქმიანობის გამო. მე ვაფასებ სახალხო დამცველსა და მის სამსახურს, საკუთარი მცდელობებისთვის, შეინარჩუნონ ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი შესაძლო სტანდარტები ყველა იმ ინდივიდის მიმართ, ვიზეც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია ვრცელდება.

ეს საკითხი ჩემს დღის წესრიგში მნიშვნელოვანი იყო გუშინ, სტრასბურგში, ქართული ოცნების თავმდჯომარე ირაკლი კობახიძესთან და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილთან გამართული შეხვედრის დროს. 

ვენეციის პრინციპების მიხედვით, წევრი ქვეყნები არიან ვალდებულები ეფექტიანად დაიცვან ომბუდსმენების საკუთარი ინსტიტუციები ნებისმიერი საფრთხისგან ან მათი ეფექტიანი ფუნქციონირების დამაბრკოლებელი ქმედებებისგან. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, სახალხო დამცველი, მისი სამსახური და ასოცირებული ექსპერტები უზრუნველყონ ისეთი სამუშაო პირობებით, სადაც ხელი ეწყობა მათი მანდატის დამოუკიდებლად, ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენებას, ევროსაბჭოს მინისტრების კომიტეტის 2021 წლის რეკომენდაციების შესაბამისად, რომელიც ეხება ადამიანის უფლებათა ეფექტიანი, პლურალისტური და დამოუკიდებელი ეროვნული ინსტიტუციების განვითარებისა და გაძლიერებას. 

ეს პირველ რიგში მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ევროსაბჭოს ჩათვლით, რათა შესაძლო იყოს ომბუდსმენის ინსტიტუციის ექსპერტიზისთვის ნდობა; ომბუდსმენის ინსტიტუცია, რომელსაც შეეძლები საკუთარი სამუშაოების დამოუკიდებლად და ეფექტიანად შესრულება, საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის პარიზისა და ვენეციის პრინციპების სრული შესაბამისობით".


"ის რაც ე.წ. კონსილიუმმა გააკეთა, ფეიკია"- ასე გამოეხმაურა ქართულო ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა ჯგუფის დასკვნას, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.  

"თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება ლომჯარიას მიმართ და მის მიერ შექმნილი კონსილიუმის მიმართ, რომლის წევრთა უდიდესი უმრავლესობა არის პოლიტიკურად უკიდურესად მიკერძოებული, რასაც ისინი თვეების განმავლობაში არ მალავდნენ. მათ შორის საჯარო განცხადებებით, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ნდობის ხარისხი არის ძალიან დაბალი. 

ამ ე.წ. კონსილიუმს უნდა მოემზადებინა დასკვნა არა შიმშილობის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ შიმშილობის შემდგომ ეტაპთან დაკავშირებით – ეს რომ არ გააკეთა, ეს კიდევ ერთი მარტივი დასტურია მისი პოლიტიკური მიკერძოებულობის. ანუ, იმთავითვე ფეიკია ის, რაც გააკეთა ე.წ. კონსიულიმმა. როცა იდება ასეთი ფეიკდასკვნა ექიმებისა და სახალხო დამცველის მიერ, ეს ამ ეტაპზე არის ერთი მორიგი ფეიკი, მაგრამ წარმოვიდგინოთ, რომ თუ ამ ფეიკდასკვნას გაგრძელება მოჰყვა, რაც არის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას მოჰყვა ის სცენარი, რისიც ჩვენ გვეშინია, ამ შემთხვევაში, ეს მორიგი ფეიკი ხდება ისეთი რამ, რასაც შეიძლება პირდაპირ პასუხისმგებლობაც მოჰყვეს, მათ შორის ომბუდსმენის და კონკრეტული ექიმების", – თქვა ირაკლი კობახიძემ. 

კომენტარები