არჩევნები ბულგარეთში

ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსი კანდიდატი, რუმენ რადევი იმარჯვებს

ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი, რუმენ რადევი იმარჯვებს. ეგზიტპოლების მიხედვით, რადევმა ხმების 66 %-ის დაგროვება შეძლო, მისმა კონკურენტმა, სოფიას უნივერსიტეტის რექტორმა, ანასტას გერჯიკოვმა კი ხმების 32 % მიიღო.

როგორც დასავლური მედია იუწყება, ევროკავშირის წევრებს შორის ყველაზე ღარიბი ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერა, რადევმა ანტი-კორუფციული დაპირებებით მოახერხა. რადევი 2020-21 წლებში ქვეყანაში გამართული ანტი-კორუფციული საპროტესტო აქციების ღია მხარდამჭერი გახლავთ. რადევის კანდიდატურას მხარს უჭერდა გასულ კვირაში ქვეყანაში გამართული საპარლამენტო არჩევნების გამარჯვებული კოალიცია ვაგრძელებთ ცვლილებებს. გერჯიკოვის უკან კი ბულგარეთის ყოფილი პრემიერმინისტრის, ბოიკო ბორისოვის პარტია GERB იდგა.

აღსანიშნავია, რომ რუმენ რადევმა 18 ნოემბერს, გერჯიკოვთან დებატების დროს ყირიმს "რუსეთის ტერიტორია" უწოდა, ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს კი არაეფექტური. 2016 წელს კი რადევი აცხადებდა, რომ ბულგარეთის წევრობა ევროკავშირსა და NATO-ში არ ნიშნავს იმას, რომ ბულგარეთი რუსეთის მტერი უნდა იყოს.

ბულგარეთი საპარლამენტო მმართველობის ქვეყანა და მის მთავრობას პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს. თუმცა, პრეზიდენტს პოლიტიკური კრიზისის დროს დროებითი მთავრობის შექმნის ბერკეტი გააჩნია. კრიზისის გამო 2021 წელს ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები სამჯერ გაიმართა. პირველ ორ შემთხვევაში პარლამენტში შესულმა პარტიებმა მთავრობის ფორმირება ვერ მოახერხეს. ნოემბერის არჩევნებში გამარჯვებული პარტია ვაგრძელებთ ცვლილებებს კი მთავრობის ჩამოყალიბებისთვის მოლაპარაკებებს სოციალისტებთან, ანტი-კორუფციულ პარტია დემოკრატიულ ბულგარეთთან და ITN-თან აწარმოებს.

კომენტარები