პროკურატურა

POG: ქარდავამ და მუხაძემ პატიმარი აწამეს, ფურცელი აჭამეს, სექსუალურ ძალადობას აყურებინეს

კადრი ვიდეოდან/პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე ბრალდებულად პასუხისგებაში მისცეს. 

საქართველოს პროკურატურის ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ მოსთხოვეს არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება, ასევე, ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პროკურატურის განცხადების მიხედვით, გაუპატიურებით დაემუქრნენ. 

"ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, აღნიშნულ პირს ნარკოტიკული ნივთიერება დაკავების საფუძვლის შესაქმნელად ჩაუდეს. სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, დაკავებული ჩაიყვანეს ციხის ე.წ. "კარანტინში", სადაც აყურებინეს, თუ როგორ ძალადობდნენ სექსუალურად ერთ-ერთი პატიმრის მიმართ, რის შემდეგაც დაზარალებულს დაემუქრნენ, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ. 

ალექსანდრე მუხაძემ პატიმარს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ, დაზარალებულმა მეგის ქარდავას მითითებით, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მისი მონაწილეობის აღიარებითი ჩვენება დაწერა. წამების შედეგად მიღებული აღიარებითი ჩვენება ალექსანდრე მუხაძის და მეგის ქარდავასთვის არ აღმოჩნდა საკმარისად ამომწურავი, რის გამოც აღნიშნულმა პირებმა პატიმარი აიძულეს შეეჭამა ის ფურცელი, რომელზეც მისი ჩვენება იყო დაწერილი. სასურველი ჩვენების მისაღებად, იგი შეიყვანეს ერთ-ერთ საკანში, სადაც ნიღბებში გამოწყობილი სხვა პატიმრების გამოყენებით მოუწყვეს სექსუალური  ძალადობის ინსცენირება, რომელიც კამერით გადაიღეს". - ვკითხულობთ განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, 2011 წლის მაისიდან 2012 წლის თებერვლის თვემდე დაზარალებული არაერთხელ დაკითხეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მას ტერაქტში მხილებულ სხვა პირებს უპირისპირებდნენ. 

"ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, სასურველი ჩვენების მისაღებად მეგის ქარდავამ პატიმარს თავზე დაადო პისტოლეტი და ფსიქოლოგიური ზემოქმედების მიზნით დახვრეტის იმიტაცია მოახდინა. ცემის, წამების, სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების და ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების შიშით, დაზარალებული იძულებული გახდა ხელი მოეწერა მისი მწამებლებისთვის ხელსაყრელი აღიარებითი ჩვენებისთვის. ალექსანდრე მუხაძის, მეგის ქარდავას და დაწესებულების სხვა თანამშრომლების მხრიდან პატიმარზე განხორციელებული წამების არაერთი ფაქტის გამო, მან თვითმკვლელობა სცადა. 

აქვე აღსანიშნავია, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებმა დაზარალებულის წამების შედეგად მისგან მიიღეს ე.წ. ტერაქტში მონაწილეობაზე სასურველი ჩვენება,ასეთი ტერორისტული აქტის არარსებობის გამო, არ დაწყებულა გამოძიება და პატიმრის მიმართ ტერაქტში მონაწილეობაზე სისხლისსამართლებრივი დევნა". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

პროკურორის ინფორმაციით, ვიდეოჩანაწერი უკრაინაში მეგის ქარდავას ბინის ჩხრეკისას ამოღებულ არაერთ ჩანაწერს შორის იყო. 

პროკურატურის ცნობით, დაზარალებულმა საპატიმრო 2013 წელს დატოვა. მათივე ინფორმაციით, ალექსანდრე მუხაძე თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას - უწყების განცხადების მიხედვით, მას წამებისათვის ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის II ნაწილით. ბრალდება სასჯელის სახედ 9-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მეგის ქარდავას უკრაინიდან საქართველოში ექსტრადიცია 17 სექტემბერს მოხდა. ის რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

პროკურატურის ინფორმაციით, მეგის ქარდავას მიმართ საქართველოში არსებული 11 სისხლის სამართლის საქმიდან 5-ზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლოდ 6 სისხლის სამართლის საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში. გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის, ე.წ. ციხის ბუნტის, სერგო თეთრაძის, ე.წ. კასრების საქმეებზე. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ასევე მიმდინარეობს ქარდავას საქმის განხილვა, რომელიც შეეხება ჯგუფურად და შეკვეთით ჩადენილ განზრახ მკვლელობას, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას.

 

კომენტარები