მიხეილ სააკაშვილი

"ვერ გაიგეს რას ვაკეთებთ და ვერც გაიგებენ" – ენმ-მ მსვლელობის მიმართულება შეცვალა

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით თბილისში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს, თუმცა პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დაგეგმილი მიმართულება შეცვალა და თქვა, რომ ამით სამართალდამცველებს კვალს ურევენ. 

"ტრაგიკომიკური ვითარებაა შსს-ს ყველა დანაყოფში, არბენინებენ წინ და უკან. ვერ გაიგეს რას ვაკეთებთ და ვერც გაიგებენ. მართლა თავმდაბლობის გარეშე, ის ძალა, რომელიც რეჟიმს ეწინააღმდეგება, სარგებლობს გაცილებით დიდი ინტელექტუალური პასუხისმგებლიანი უპირატესობით, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. როგორც კი გეზი შევცვალეთ, სპეცრაზმი და შესაბამისი სამსახურები სასწრაფო წესით გადაიყვანეს იუსტიციის სამინისტროსთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ჩვენ ავდექით და გავაკეთეთ ე.წ. იუთერნი, ანუ მოვტრიალდით და წამოვედით სხვა მიმართულებით, ახლა ესენი გამოგვეკიდებიან".- ამბობს მელია. 

ამ წუთებში მსვლელობა პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ორბელიანის სასახლესთან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები გზებზე წარწერებს აკეთებენ - "თავისუფელება მიშას, ოცნება კლავს!" 

კითხვაზე, თუ სად მიდიან აქციის მონაწილეები, ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ "წინ". ჯერჯერობით უცნობია სად დასრულდება აქცია.

 

კომენტარები