მიხეილ სააკაშვილი

შსს ენმ-ს აქციაზე: დაუშვებელია სავალი ნაწილის გადაკეტვა, კანონდარღვევას მოჰყვება რეაგირება

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს, 15 ნოემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს.

მათივე განცხადებით, ენმ-ს აქციის მიზანი, თბილისში სატრანსპორტო კოლაფსის გამოწვევაა. 

"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, შეკრების მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისთვის. ამავე კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შეახსენებს, რომ ზემოაღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ასევე, ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება და აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა. აღნიშნული ქმედების ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე აქციების და შეკრებების დროს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ პოლიციელთა პროფესიულ საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.

კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს". - წერია შსს-ს განცხადებაში. 

15 ნოემბერს, 14:00-ზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები მეტრო ავლაბართან შეიკრიბებიან. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, ამის შემდეგ გაიმართება მსვლელობა და გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე.

კომენტარები