მიხეილ სააკაშვილი

ესტონეთის ექსპრეზიდენტი: საქართველო დაადგა დესპოტიზმის გზას, რატომ ვხარჯოთ ფული საელჩოში?

 

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი გირჩი - მეტი თავისუფლების ერთ-ერთი ლიდერის ბორის ყურუას დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მსგავსი დაკავებებითა და სააკაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი კადრების გავრცელებით, საქართველო ცენტრალური აზიის დესპოტურ მმართველობას ემსგავსება. 

"საქართველო მსგავსი შემთხვევებითა და სააკაშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი მოპყრობის საზარელი კადრებით, დაადგა ცენტრალური აზიის დესპოტიზმის მმართველობის მიერ გავლილ გზას. მათ აღარ აინტერესებთ არც დასავლური და არც ევროპული ნორმები. როგორც ჩანს, აღარც ქართველებს”. - წერს ტვიტერზე ესტონეთის ექსპრეზიდენტი. 

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ბელარუსის საზღვართან კრიზისის ფონზე, საქართველოში განვითარებული მოვლენებს ევროპა ნაკლებ ყურადღებას აქცევს, რაც, თავის მხრივ - საქართველოს უსაფრთხოებას აზიანებს.

"მაგრამ, ვერ ვხვდები, რა საჭიროა ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანაში, რომელიც ერთ დროს მნიშვნელოვანი იყო, როგორც აზიურ დესპოტურ სახელმწიფოებში ევროპული გამონაკლისი. როცა მსგავს გზას ირჩევ, ვერ ვხვდები, რატომ უნდა დახარჯოს ფული ჩემმა ქვეყანამ ან სხვა ქვეყანამ საქართველოში საელჩოების დაკომპლექტებაში."

ბორის ყურუა სხვა აქტივისტებთან ერთად, 10 ნოემბერს, სუს-თან გამართულ აქციაზე დააკავეს. გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ყურუა ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ჩართვას ელოდებოდა და მას არაფერი დაუშავებია.

10 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წესით ჯამში ოპოზიციის 46 აქტივისტი დააკავა. თბილისში საპროტესტო აქცია ერთდროულად ე.წ მოდულის შენობასთან, იუსტიციის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროსთან იმართებოდა.

კომენტარები