ბათუმი

დეგნანმა ყვავილებით შეამკო ადგილი, სადაც კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

US Embassy Tbilisi, Georgia 

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ამერიკელი ხალხის სახელით ბათუმში ყვავილებით შეამკო ადგილი, სადაც კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ცხრა ადამიანი გარდაიცვალა.

"8 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ ბათუმში პირველი ვიზიტისას, ელჩმა დეგნანმა ამერიკელი ხალხის სახელით ყვავილებით შეამკო ის ადგილი, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. ამერიკის საელჩო კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებით უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და ბათუმის საზოგადოებას". – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

ბათუმში 8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევას ჯამში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 10 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცი კი გადარჩა. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. მათ პატიმრობა შეეფარდათ. გამოძიების ინფორმაციით, კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

კომენტარები