ეკონომიკა

საჯარო მეხელეთა საბაზისო ხელფასი 1 100 ლარამდე იზრდება, 10%-იან მატებაზე 177 მლნ დაიხარჯება

მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო მოხელეთა საბაზისო ხელფასი 1 100 ლარამდე იზრდება, თანამდებობის სარგოს 10%-იან მატებაზე კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 177 მილიონი ლარი დაიხარჯება. 

"საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის გათვალისწინებულია ხელფასების 10%-ით გაზრდა, მატება შეეხება ყველა მიმართულებით მომუშავე მოხელეებს, ჯარს, პოლიციას, სკოლებს და სხვა მიმართულებებს". – ამბობს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი. 

საბაზისო თანამდებობრივი სარგო საჯარო სამსახურში სრულ განაკვეთზე დასაქმებული პირის ანაზღაურების საწყისი მაჩვენებელია. 

საბაზისო ხელფასის 100 ლარით მატება იმ საჯარო მოხელეებს შეეხებათ, რომელთა ანაზღაურებაც 1 000 ლარს შეადგენს, შედარებით მაღალი თანამდებობის სარგოს შემთხვევაში, ნამატის მოცულობაც იზრდება.

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სახელფასო ფონდის მოცულობა 1.83 მილიარდ ლარს შეადგენს, საჯერო სამსახურებში დასაქმებულთა რაოდენობა კი 112 000 ადამიანს აღწევს. 

საბაზისო თანამდებობრივი სარგო 1 000 ლარის ოდენობით ბოლოს 2017 წელს განისაზღვრა და მას შემდეგ ის არ შეცვლილა. 

კომენტარები