მიხეილ სააკაშვილის დაკავება

IDFI: სუს-ის განცხადებები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მისი ერთადერთი მიზანი მოქალაქეთა დაშინებაა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკვე მეორედ გაავრცელა უკიდურესად პრობლემური განცხადება. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეს განცხადებები აზიანებს გამოხატვის თავისუფლებას და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სუს-ის მიზანია მოქალაქეთა დაშინება და ოპოზიციის მანიფესტაციის მონაწილეთა რიცხვის შემცირება.

6 ნოემბრის განცხადებით, სუს-ის მტკიცებით, ოპოზიცია სახელმწიფო შენობების პიკეტს გეგმავს და  განიხილება ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციაც. მათივე ცნობით, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მიზნით პროვოკაციულ ქმედებებს მიხეილ სააკაშვილი გეგმავს და ოპოზიციურ ლიდერებს დირექტივებს აძლევს.

IDFI მიიჩნევს რომ სუს-მა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს, როდესაც საზოგადოებას ირიბად ეუბნება, რომ ოპოზიციურ აქციაზე წასვლის შემთხვევაში, ისინი შესაძლოა, გახდნენ დანაშაულის ხელშემწყობი პირები.  ინფორმაციის ნაწილი, რომელშიც სუს-ი რისკებს ხედავ საერთოდ არ წარმოადგენს კანონდარღვევას, ნაწილზე რეაგირება კი არ არის სუს-ის კომპეტენცია. უკიდურესად პრობლემურია ის გარემოება, რომ, როგორც სუს-ის ბრიფინგიდან ირკვევა, უწყების მიერ გავრცელებული განცხადების საფუძველი მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციაა.

ორგანიზაცია სუს-ის 3 ნოემბრის განცხადებასაც იხსენებს, რომლის თანახმად "ბოლო დროს, სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით". 

IDFI აცხადებს, რომ სუს-ი, შესაძლოდ გაკეთებულ ამგვარი განცხადებების ფაქტებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აკვალიფიცირებს. აღნიშნული მუხლი კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს. ამავე განცხადებაში, ყოველგვარი ლოგიკური კავშირის გამოკვეთის გარეშე იყო მოხსენიებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სხვა საქმეზე დაწყებული გამოძიება. 

ორგანიზაცია აცხადებს, რომ აზრის გამოხატვა ისევე, როგორც მანიფესტაციებში მონაწილეობა საქართველოს კონსტიტუციით დაცული უფლებაა. ამ უფლების შეზღუდვა შესაძლებელია, თუმცა, როდესაც სუს-ი აზრის გამოხატვის ფორმას/შინაარსს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად აფასებს, მან დამაჯერებელი არგუმენტებით უნდა დაასაბუთოს მის მიერ საჯაროდ გავრცელებული ბრალდებები და მათი რეალურობა. ამასთან, სუს-მა უნდა იმოქმედოს მაღალი ინსტიტუციური პასუხისმგებლობით და, სათანადო საფუძვლის გარეშე, თავი შეიკავოს ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც მოსახლეობაში შეიძლება გამოიწვიოს შიში.

"საპირისპიროდ, სუს-ის  განცხადებებში მოყვანილი ფაქტები, ისევე როგორც  სამართლებრივი შეფასებები ბადებს არაერთ კითხვას. სუს-ი ვერ ასაბუთებს, მის მიერ დასახელებული საფრთხეების ვერც რეალურობას ვერც მყისიერებას. ამ ფონზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მისი ერთადერთი მიზანია მოქალაქეთა დაშინება და ფონის შექმნა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოთა მიერ რეპრესიული ზომების გასაძლიერებლად".- აცხადებს IDFI. 

 

კომენტარები