მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ბოკერია: სუს-ს 5 ივლისის წინ ძალადობის ორგანიზატორების განცხადებებზე უნდა ერეაგირა

ტბელ აბუსერიძე/ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია, გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი მოწოდებები რევოლუციისკენ და თქვა, რომ ამით ისინი გვახსენებენ, რომ "ივანიშვილის პერსონალური ძალაუფლების სამსახურში დგანან".

ბოკერია ასევე ამბობს, რომ 5 ივლისის წინ გაკეთებული განცხადებები, როდესაც პირდაპირ ანონსდებოდა ძალადობა, სწორედ ისეთი ტიპის იყო, რაზეც სუს-ს რეაგირება უნდა მოეხდინა.

"სუსი ამ განცხადებაში არ აზუსტებს რა ტიპის განცხადებებს გულისხმობს, მაგრამ ყველას მინდა გავახსენო, რომ ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით ნებისმიერი ტიპის მოწოდება დასჯადია მაშინ, როცა განზრახ, აშკარა, მყისიერი, პირდაპირი საფრთხე დგება კანონსაწინააღმდეგო შედეგისა.

ამის მაგალითად, რა ტიპის განცხადებები უნდა ყოფილიყო დასჯადი და რაზე უნდა ერეაგირა სუსს, იყო 5 ივლისის წინ გაკეთებული განცხადებები, როცა ძალადობის ორგანიზატორები პირდაპირ აანონსებდნენ, რომ ჩაიდენდნენ კონკრეტულ ქმედებებს, შემდეგ პროცესში ახორციელებდნენ ამ ქმედებას ანუ კონკრეტული ძალადობრივი შედეგი როცა დადგა და ცნობილი იყო, რომ დადგებოდა კიდევაც, ეს პირველად არ ხდებოდა. მაშინ არც წინასწარ ურეაგირია სუსს, არც პოსტ-ფაქტუმ დასჯილან ძალადობის ორგანიზატორები, მაგრამ ახლა აბსტრაქტულ განცხადებას აკეთებენ მხოლოდ იმისთვის, რომ გაგვახსენონ ყველას, რომ ისინი მხოლოდ ივანიშვილის პერსონალური ძალაუფლების სამსახურში დგანან და არა კანონის უზანესობის ან კონსტიტუციური წყობისა", - თქვა ბოკერიამ.

დღეს სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ "ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით".

მათივე ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით.


5 ივლისს ღირსების მარში იყო დაგეგმილი, თუმცა მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა პუტინისტურმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვანებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი ოპოზიციის კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს სირცხვილიასა და თბილისი პრაიდის ოფისები.

პოლიციამ მოძალადეებს დაუსჯელად თარეშის შესაძლებლობა მისცა.

მასშტაბური ძალადობას წინ უძღოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საქართველოს საპატრიარქოს ძალადობის წამახალისებელი განცხადებები. 

სახელმწიფომ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობებს და მხარდამჭერებს პირდაპირ უთხრა, რომ მათ არ დაიცავდა

კომენტარები