კორონავირუსი ავსტრალიაში

პანდემიის დაწყებიდან პირველად ავსტრალიამ ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვები შეამსუბუქა

Reuters

პირველ ნოემბერს ავსტრალიამ საზღვრის გადაკვეთაზე დაწესებული შეზღუდვები 2020 წლის მარტის შემდეგ პირველად შეამსუბუქა. ქვეყანაში დაბრუნება ავსტრალიის ვაქცინირებულ მოქალაქეებს და რეზიდენტებს შეეძლებათ.

ამ დრომდე ავსტრალიის საზღვრის გადაკვეთაზე ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა. ავსტრალიის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს მხოლოდ ინდივიდუალური ნებართვით შეეძლოთ ქვეყანაში დაბრუნება და ორკვირიანი კარანტინი გაეარათ სასტუმროში, რისი ხარჯიც თავად უნდა დაეფარათ. ქვეყნის დატოვება ავსტრალიელებისთვის აკრძალული იყო.

შეზღუდვების შემსუბუქება ორ ყველაზე მჭიდროდდასახლებულ შტატში, ვიქტორიასა და ახალი სამხრეთი უელსში ვაქცინაციის მაღალი დონის გამო გახდა შესაძლებელი. ამ შტატებში ზრდასრული მოსახლეობის 80%-ზე მეტი აიცრა.

ქვეყნის საზღვრები ჯერ არ გახსნილა ტურისტებისთვის. გამონაკლისი ახალი ზელანდიის მოქალაქეები არიან. 21 ნოემბრიდან ავსტრალიის საზღვრები სინგაპურის მოქალაქეებისთვისაც გაიხსნება. აუცრელი მოგზაურებისთვის ქვეყანაში შესვლის შემდეგ კარანტინის გავლა კვლავ მოუწევთ და გაფრენამდე ყველა მგზავრისთვის Covid-19-ის უარყოფითი ტესტის პასუხია საჭირო.

მკაცრი შეზღუდვების ფონზე ავსტრალიაში მთლიანობაში Covid-19-ის 172,030 შემთხვევა აღირიცხა, რაც მოსახლეობის დაახლოებით 0.7%-ია. დაავადების შედეგად დაიღუპა 1 743 ადამიანი.

კომენტარები