აზერბაიჯანი

ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ზანგეზურის კორიდორს საფუძველი ჩაუყარეს

ილჰამ ალიევი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ზანგეზურის კორიდორის საფუძვლის ჩაყრაზე, 2021 წლის 26 ოქტომბერი
trend.az

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საფუძველი ჩაუყარეს ზანგეზურის კორიდორის მშენებლობას.

ჯებრაილ-ზანგილან-აღბენდის სატრანსპორტო გზის, ზანგეზურის კორიდორის ნაწილის საფუძვლის ჩაყრის ცერემონია 26 ოქტომბერს გაიმართა. ქვეყნების ლიდერები აქამდე სამშენებლო სამუშაოების მსვლელობას გაეცნენ. 

ზანგეზურის კორიდორი გულისხმობს აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიის დაკავშირებას მისგან მოწყვეტილ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და აქედან კი თურქეთთან, სომხეთის სიუნიქის რეგიონის გავლით. 

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ილჰამ ალიევი ზანგეზურის კორიდორის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაზე

ზანგეზურის კორიდორის გახსნის მოთხოვნა აზერბაიჯანის მხარემ 2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში გამარჯვების შემდეგ წამოაყენა. პრეზიდენტი ალიევი 2021 წლის აპრილში ამბობდა, რომ თუ სომხეთი ამის წინააღმდეგი იქნებოდა, ისინი კორიდორს ძალით გაიყვანდნენ.

კორიდორის გაყვანას მოიცავდა თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ამ წლის ივნისში გაფორმებული შუშის ხელშეკრულებაც.

ოქტომბერში სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი ყველა სატრანსპორტო მიმოსვლის გახსნაზე მუშაობდნენ.

კომენტარები