თურქეთი

ერდოღანი 10 დასავლელ ელჩზე: უკან დაიხიეს, განცხადებებში უფრო ფრთხილად იქნებიან

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
Reuters

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 დასავლელ დიპლომატზე, რომელთა ქვეყნიდან გაძევებას დაპატიმრებული ბიზნესმენის გათავისუფლების მოწოდების განცხადების გამო აპირებდა, თქვა, რომ მათ უკან დაიხიეს, არ ჩაერევიან თურქეთის შიდა პოლიტიკაში და განცხადებებში მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ. 

"კრიზისის შექმნა არასდროსაა ჩვენი მიზანი. ჩვენ გვსურს ჩვენი ქვეყნის უფლებების, სამართლის, ღირსებისა და სუვერენიტეტის დაცვა. 

საელჩოების დღევანდელი განცხადებით, მათ უკან გადადგეს ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისა და ერის ცილისწამებისგან. მჯერა, რომ ეს ელჩები თურქეთის სუვერენულ უფლებებთან დაკავშირებულ განცხადებებში უფრო ფრთხილად იქნებიან", – თქვა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. 

ორშაბათს, 25 ოქტომბერს, ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტი შეკრიბა, რათა განეხილათ გააძევებდნენ თუ არა ქვეყნიდან 10 დიპლომატს, 18 ოქტომბერს ერთობლივად გაკეთებული განცხადების გამო. პარალელურად, აშშ-ს საელჩომ სოციალურ ქსელ Twitter-ზე გააკეთა განცხადება, რომ ისინი მიჰყვებოდნენ ვენის კონვენციის 41-ე მუხლს, რაც საელჩოს მიერ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობას გულისხმობს. მსგავსი განცხადება გააკეთეს სხვა საელჩოებმაც. 

აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია განცხადების თურქულმა თარგმანმა, რომელიც ტოვებდა ისეთ შთაბეჭდილებას, რომ აშშ-მ ვენის კონვენციის 41-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება დაარღვია და მის შესრულებას დაუბრუნდებოდა.

ამასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. "[25 ოქტომბრის განცხადება] იყო ხაზგასმა, რომ ჩვენს მიერ 18 ოქტომბერს გაკეთებული განცხადება 41-ე მუხლთან თანხვედრაშია", - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი. 

"ჩვენ ვრჩებით კანონის უზენაესობისა და მსოფლიოში ადამიანის უფლებათა პატივისცემის გავრცელების წახალისების ერთგულად. 

ბაიდენის ადმინისტრაციას თურქეთთან მთავარ პრიორიტეტებთან დაკავშირებით კოოპერაცია სურს და ისე, როგორც NATO-ს ნებისმიერ მოკავშირესთან, ჩვენ უთანხმოების გადაჭრას დიალოგით განვაგრძობთ", – დაამატა ნედ პრაისმა. 

გამოცემა Reuters-ის დიპლომატიური, ანონიმური წყაროს ცნობით, ანკარაში მყოფ ამერიკულ დიპლომატიურ მისიასა და თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებს შორის გაიმართა მოლაპარაკება დაძაბულობის განმუხტვასთან დაკავშირებით. წყაროს ცნობით, საუბრებში თურქეთის მხრიდან მონაწილეობა მიიღეს პრეზიდენტი ერდოღანის მრჩეველმა, იბრაჰიმ კალიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ. 

18 ოქტომბერს აშშ-ს, გერმანიის, საფრანგეთის, კანადის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის, დანიის, ფინეთისა და ახალი ზელანდიის საელჩოებმა გააკეთეს ერთობლივი მოწოდება, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობას პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა ფილანტროპი და ბიზნესმენი ოსმან კავალა, რომელიც 2016 წლის გადატრიალების მცდელობაში კავშირის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 10 დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება გადაწყვიტა.

ერდოღანის ამ გადაწყვეტილების გამო თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა.

კომენტარები