აშშ-ს კიბერუსაფრთხოება

MICROSOFT: რუსეთთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა ოთხ თვეში 23 000-მდე კიბერშეტევა მოაწყვეს

Teiss

2021 წლის ივლისიდან ოქტომბრამდე ჰაკერულმა დაჯგუფებმა Nobelium-მა ტექნოლოგიურ კომპანიებზე 22 800-ზე მეტი კიბერშეტევა მოაწყო. ამის შესახებ Microsoft-ის ვიცეპრეზიდენტმა ტომ ბერტმა ისაუბრა. კომპანია მიიჩნევს, რომ Nobelium-ი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურთან არის დაკავშირებული და პასუხისმგებელია SolarWinds-ზე ჰაკერულ თავდასხმაზე.

კიბერთავდასხმების სამიზნეები გახდნენ გადამყიდველი კომპანიები და ორგანიზაციები, რომლებიც Cloud-სერვისებს უზრუნველყოფენ. Microsoft-ი მიიჩნევს, რომ ჰაკერები ფიშინგით და პაროლების შერჩევით ცდილობდნენ, წვდომა მოეპოვებინათ ამ კომაპნიების მომხმარებლების IT-სისტემებზე.

Microsoft-ის მონაცემებით, ასეთი შეტევები თავდაპირველად 2021 წლის მაისში დაიწყო. მას შემდეგ კომპანიამ შეტევების შესახებ 140-ზე მეტ კომპანიას შეატყობინა, მთლიანობაში მათგან 14 იყო კომპრომიტირებული.

კომპანიის მონაცემებით, 1 ივლისიდან 19 ოქტომბრამდე კომპანიის Nobelium-ისგან კიბერშეტევის 22 868 მცდელობა იყო. ბერტის თქმით, ამ შეტევების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო წარმატებული.

გამოცემა The New York Times-ს რამდენიმე ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად დაუდასტურა ინფორმაცია ჰაკერული ოპერაციის შესახებ, რომელსაც ისინი ჯაშუშობის მცდელობად მიიჩნევენ. გამოცემასთან საუბრისას ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ეს შეტევები იყო "მარტივი, სრულიად ჩვეულებრივი, რომელთა აღმოფხვრა ძალიან მარტივი იქნებოდა, Cloud-სერვისების მიმწოდებლებს კიბერუსაფრთხოების საბაზისო მეთოდები რომ გამოეყენებინათ".

2021 წლის აპრილში ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთს სანქციები დაუწესა SolarWinds-ის ჰაკერული თავდასხმის და არჩევნებში ჩარევის გამო, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტებსა და 100-ზე მეტ კომპანიას შეეხო. გარდა ამისა, ჰაკერული თავდასხმის სამიზნე გახდა მსოფლიოში ყველაზე დიდი ხორცის მწარმოებელი კომპანია და აშშ-ს უდიდესი მილსადენი, Colonial Pipelines. სხვადასხვა წყაროებით, თავდასხმებზე პასუხისმგებელი ჯგუფები რუსეთიდან მუშაობდნენ. კიბერშეტევა განხორციელდა კომპანია Kaseya-ზეც.

კომენტარები