კორონავირუსი საქართველოში

ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინის პირველი დოზა 7 თვის წინ გაიკეთა, მეორე დოზით ჯერაც არ აცრილა

საქართველოს მთავრობა

"შეგატყობინებთ". - ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტის კითხვას, როდის გეგმავს ის აცრის მეორე დოზის გაკეთებას. 

"საერთოდ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაცია, არის ადამიანის ინდივიდუალური საკითხი და ამის გასაჯაროვება არ შეიძლება. პირველ დოზაზე იმდენად ცხოველური ინტერესი გაგაჩნდათ, რომ ეს გავაკეთე, თუმცა ეს არღვევს აბსოლუტურად ადამიანის უფლებებს". - ამბობს ტიკარაძე. 

ჯანდაცვის მინისტრმა ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზა 23 მარტს გაიკეთა. ის ორი თვის გასვლის შემდეგ, კორონავირუსით დაინფიცირდა. აცრებს შორის ინფიცირების შემთხვევაშიც კი მოქალაქეს ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარება შეუძლია.

ტიკარაძემ პირველი აცრა 7 თვის წინ გაიკეთა, მისი ინფიცირებიდან კი 4 თვეზე მეტია გასული. 

მოქალაქეები Astrazeneca-ს ვაქცინის მეორე დოზით 1 ნოემბრიდან ვეღარ აიცრებიან. დარჩენილ მარაგს ვადა სწორედ 1 ნოემბერს გასდის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კი, ამ ვაქცინის ყიდვას აღარ აპირებს. პირველი დოზით აცრილებს ფაიზერის, სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინებს შესთავაზებენ.

კომენტარები