ზუგდიდი

სუს: სპეცრაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოპოზიციის წევრებისა და მედიის მიერ გუშინ, 22 ოქტომბერს უწყების სპეცწარმომადგენლების ზუგდიდში გაგზავნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მას დეზინფორმაციას უწოდებს. 

"გვსურს გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეც დანიშნულების რაზმის გადაადგილებასთან დაკავშირებით.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია.

მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, პირდაპირ ემსახურება წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში შიშისა და პანიკის დათესვას, აზიანებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმიჯს და მიზნად ისახავს უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირებას". - წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. 

22 ოქტომბერს ღამით ენმ-ის თავმჯდომარემ და ოპოზიციის მერობის საერთო კანდიდატმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ მათი ინფორმაციით, სუს-ის 30 სპეცწარმომადგენელი ზუგდიდში გაგზავნეს, რათა, მისივე სიტყვებით მომდევნო დღეს დაკავებებისთვის "ნიადაგი მოემზადებინათ".  

"ჩვენი ინფორმაციით, სუს-ის 30 სპეცწარმომადგენელი არის ახლა თბილისიდან მივლენილი ზუგდიდში, რომლებიც ნიადაგს ამზადებენ, რომ მოახდინონ გამთენიისას ან ხვალ დღის განმავლობაში დაკავებები, მათ შორის, ყოფილი პოლიციელების, რომლებიც არიან ანზორ მელიას შტაბში". - თქვა მელიამ ფორმულასთან ინტერვიუში. 

კომენტარები