აგვისტოს ომი

სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომზე საქართველოს წინააღმდეგ საჩივრები დაუშვებლად ცნო

რუსული სამხედრო კოლონა სამხრეთ ოსეთში. აგვისტო 2008
Reuters

სტრასბურგის სასამართლომ აგვისტოს ომზე საქართველოს წინააღმდეგ საჩივრები დაუშვებლად ცნო. ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინსიტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე თქვა. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე – ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ და შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ – განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.

"სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდა კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, შეუძლებელია რაიმე დარღვევა შეერაცხოს საქართველოს. სასამართლომ, აგრეთვე, გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ხსენებული საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები მათი პრეტენზიების გასამყარებლად".- აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში. 

მათივე ინფორმაციით, სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად 2019-2020 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გენერალურ პროკურატურასთან, თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად მოიძია და ევროპულ სასამართლოში წარადგინა ასობით მტკიცებულება შესაბამის სამართლებრივ არგუმენტაციასთან ერთად, რითაც დასტურდებოდა, რომ 2008 წელს საქართველოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართლის ნორმები.

"აგვისტოს ომის საქმეზე 2021 წლის 21 იანვრის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან ერთად, სადაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევა და დაადასტურა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, დღევანდელი განჩინებები წარმოადგენს საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს კიდევ ერთ გამარჯვებას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამ განჩინებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებით დაიცვა სახელმწიფოს და ქართული ჯარის ინტერესები საერთაშორისო სასამართლოში".- აცხადებს სამინისტრო. 


2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ" სარჩელი ძირითადად დააკმაყოფილა – სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევა თითქმის ყველა ძირითად მუხლში ცნო. 

სასამართლომ წარდგენილი 8 მუხლიდან რუსეთის დარღვევა 6 მუხლში დაადგინა, მათ შორის სიცოცხლის უფლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის, პირადი ან ოჯახური ცხოვრების თავისუფლების პატივისცემისა და საკუთრების უფლების, გადაადგილების თავისუფლებისა და თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებების ნაწილში. 


საქართველო რუსეთს ადანაშაულებდა კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი ან ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) და მე-13 (ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალების უფლება) მუხლების დარღვევაში, ასევე ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი (საკუთრების დაცვის) და მე-2 (განათლების უფლების) და მეოთხე დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის (გადაადგილების თავისუფლების) მუხლების დარღვევაში. 

სარჩელი საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და სასამართლომ ნაწილობრივ დასაშვებად 2011 წლის 13 დეკემბერს ცნო. 2012 წლის 3 აპრილს სასამართლოს პალატამ საქმის განხილვის იურისდიქცია დაუთმო დიდ პალატას. 

სასამართლომ მტკიცებულებები მოისმინა მოწმეებისა და ექსპერტებისგან 2016 წლის 6-დან 17 ივნისამდე პერიოდში გამართულ მოსმენებზე. საქმეზე ზეპირი მოსმენა 2018 წლის 23 მაისს გაიმართა. 

 

კომენტარები