გრიპის ვაქცინა

პედაგოგები, ბაღის აღმზრდელები, 60 წელს ზემოთ პირები – ვინ მიიღებს გრიპის ვაქცინას უფასოდ

პედაგოგები, ბაღის აღმზრდელები და 60 წელს ზემოთ მოქალაქეები გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით უფასოდ აიცრებიან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი ინტერპრესნიუსთან აცხადებს, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ორსულები და დიალიზზე მყოფი პირები რისკჯგუფებში შედიან.

მისივე განმარტებით, აცრის უფასოდ გაკეთებას შეძლებენ C ჰეპატიტის მკურნალობის ქვეშ მყოფი ადამიანები და აივ ინფიცირებულები. 

ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ გრიპის და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ერთ დღეს გაიკეთონ, ან მათ აცრებს შორის 14-დღიანი შუალედი უნდა დაიცვან.

"შეიძლება ერთ დღეს გრიპის და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება, ერთი ინექცია კეთდება ერთ ხელზე, მეორე კი მეორე ხელზე. ეს დაშვებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, იგივე რეკომენდაციას იძლევა ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრიც.

ახლა, როდესაც ზამთრის სეზონი ახლოვდება და გრიპის სეზონი იწყება, რა თქმა უნდა, ორივე ვაქცინის ერთდროულად გაკეთებაა რეკომენდირებული, განსაკუთრებით რისკის ჯგუფებისთვის და იმ კატეგორიის ადამიანებისთვის, რომელსაც ორივე დაავადების რთულად მიმდინარეობის რისკი აქვს".- ამბობს ზახაშვილი IPN-ის ცნობით. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ქვეყანაში გრიპის ვაქცინის 43 000 დოზაა შემოსული. 160 000 დამატებით დოზა კი ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა. 

კომენტარები