ვაქცინაცია საქართველოში

გამყრელიძე: გრიპის ვაქცინის 43 000 დოზა შემოსულია, 2-3 დღეში იწყება პრიორიტეტული ჯგუფების აცრა

NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში შემოსულია გრიპის ვაქცინის 43 000 დოზა. მან აღნიშნა, რომ სამი პრიორიტეტული ჯგუფისთვის ვაქცინაციის პროცესი რამდენიმე დღეში დაიწყება.

"გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინის 43 000 დოზა უკვე შემოსულია, სულ 200 000 ვიყიდეთ. უკვე იწერება ბრძანება, 2-3 დღეში დაიწყება ვაქცინაცია 3 პრიორიტეტული ჯგუფისთვის, ეს გახლავთ - სამედიცინო პერსონალი, ორსულები და დიალიზზე მყოფი პაციენტები. დაახლოებით 25 ოქტომბრისთვის დანარჩენ 160 00 დოზას ველოდებით, შემდეგ ეს განივრცობა უკვე ბავშვებზე, ქრონიკულ დაავადებებზე და ა.შ" - ამბობს გამყრელიძე.

კითხვაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, რა პერიოდშია გრიპის ვაქცინა ნებადართული, გამყრელიძე პასუხობს, რომ CDC-ის რეკომენდაციით, ორივე ვაქცინის ერთ დღეს გაკეთებაა შესაძლებელი, ხოლო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.

"ახლა მოდის ცივი სეზონი, აცივდა, მოვა სხვა რესპირაციული ვირუსები, განსაკუთრებით, გამოჩნდება ოქტომბრის ბოლოს გრიპი, და უკვე ახალი ტერმინი გაჩნდა, წლევანდელი,  ე.წ ტვინდემია. Twining იცით რა არის, ხომ? ანუ დატყუპება და ტვინდემია ამ ორი ინფექციის, გრიპისა და კოვიდის, რომელიც ძალიან საყურადღებოა და ამიტომ, მინდა, რომ მოსახლეობამ მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება" - თქვა გამყრელიძემ.

კომენტარები