ბათუმი

ბათუმის მერია და მთავრობა დაზარალებულებს ბინებს და კომპენსაციას გადასცემს

შსს

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ 53 ოჯახს მერია და აჭარის მთავრობა დაზარალებულ ოჯახებს ბინებსა და კომპენსაციას გადასცემს, რისთვისაც აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 90 ათასი ლარი გამოიყო. დაზარალებულები ოჯახები უფასო ფსიქოლოგიური კონსულტაციითაც ისარგებლებენ.

"კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულია 53 ოჯახი, რომელთაგანაც 23-მა ოჯახმა მიმართა დახმარებისთვის ბათუმის მერიას-ყველა მათგანი უზრუნველყოფილია დროებითი თავშესაფრითა და სამჯერადი კვებით. ოჯახებს ასევე გადაეცათ პირველადი საჭიროების ნივთები და მედიკამენტები. დაზარალებულები მერიის სერვისცენტრის წარმომადგენლებთან მუდმივ კომუნიკაციასა და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა დაზარალებულ ოჯახებს ბინებსა და კომპენსაციას გადასცემს. დამატებით, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 90 ათასი ლარი უკვე გამოიყო.

ასევე, ბათუმის მერიის ინიციატივითა და ფსიქოლოგიური დახმარების კაბინეტის მხარდაჭერით, აღნიშნულ ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ უფასო ფსიქოკონსულტაციით", - წერს ბათუმის მერია.

განცხადების თანახმად, დაზარალებულ ოჯახებს, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შეუძლიათ მიმართონ მუნიციპალური სერვისების წარმომადგენელს, მამუკა ცხვარაძეს შემდეგ ნომერზე: 599570445.

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევას ჯამში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 10 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცი კი - გადარჩა. გარდაცვლილებს შორის 3 არასრულწლოვანია.

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. მათ პატიმრობა შეეფარდათ. გამოძიების ინფორმაციით, კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

კომენტარები