ევროკაშირი-უკრაინა

კიევში უკრაინისა და ევროკავშირის სამიტი დაიწყო

შარლ მიშელი, ზელენსკი და ურსულა ფონ დერ ლაიენი
Twitter

კიევში უკრაინისა და ევროკავშირის 23-ე სამიტის სხდომა დაიწყო. სამიტს ესწრებიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

დილით ევროსაბჭოს წარმომადგენლები მარიინსკის სასახლეში პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდნენ, სადაც სხდომის დაწყებამდე ისაუბრეს.

ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა, რომ 23-ე სამიტი უკრაინასა და ევროკავშირს შორის ნაყოფიერი იქნება და კიდევ უფრო შეუწყობს ხელს უკრაინის ინტეგრაციას ევროპულ საზოგადოებაში.

სამიტის ფარგლებში დაგეგმილია მხარეებს შორის რამდენიმე ხელშეკრულების გაფორმება. მათ შორისაა: შეთანხმება საერთო საავიაციო სივრცის შესახებ, უკრაინის ასოციაცია ევროპულ პროგრამა Creative Europe-თან და Horizon Europe-თან, რომელიც აფინანსებს კვლევებსა და ინოვაციებს.

სამიტზე ასევე დაადასტურებენ ევროკავშირის მხარდაჭერას, რამაც უნდა მოიზიდოს რამდენიმე მილიარდი ინვესტიცია უკრაინაში.

მოსალოდნელია, რომ სამიტის მონაწილეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ  უკრაინის შემდგომ პოლიტიკურ ასოციაციასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირთან. ასევე, ევროკავშირი მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

სამიტის შედეგებიდან გამომდინარე, მხარეებს შორის საერთო დეკლარაცია მიიღება. ევროკავშირისა და უკრაინის ლიდერები სამიტის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციას გამართავენ.

კომენტარები