ნიკა კვარაცხელია

FEEDC: ვეცდებით ბოლომდე მივიყვანოთ ნიკო კვარაცხელიას გრანდიოზული პროექტი

ნიკო კვარაცხელია

სოციალური მედიის Feedc-ის მენეჯმენტი პლატფორმის სამომავლო გეგმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. Feedc-ის დამფუძნებელი 23 წლის ნიკა კავარცხელია 15 სექტემბერს მოკლეს.

პლატფორმა Feedc-ის მენეჯმენტი და ტექნიკური ჯგუფი მადლობას გიხდით Feedc-ის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას გარდაცვალების შემდეგ, ჩვენი თანადგომისთვის, ასევე იმისთვის, რომ ამ დღეების განმავლობაში Feedc-ზე რეგისტრაციის მსურველების რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. კომპანიის ყველა თანამშრომელს სჯერა ნიკოს ხედვის, და ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება Feedc-ის ტექნოლოგიურ განახლებაზე მუშაობა.

ჩვენ მიზანია, რომ ნიკოს იდეა, ჩანაფიქრი და მომავლის ყველა გეგმა, რომელიც Feedc-ს უკავშირდება სისრულეში მოვიყვანოთ. ნიკოს პროექტის მიხედვით Feedc გახდება ყველაზე მასშტაბური კონტენტის გასაზიარებელი პლატფორმა, სადაც ნებისმიერ ადამიანს ბარიერების გარეშე შეეძლება საკუთარი აზრის სხვისთვის გაზიარება, ექნება საშუალება წაიკითხოს მისთვის საინტერესო ბლოგები, ნაშრომები და სტატიები.

ცნობილია, რომ გარდაცვალებამდე ნიკო კვარაცხელია მუშაობდა ახალ, მსოფლიო მასშტაბის გრანდიოზულ პროექტზე , რომელსაც ნიკოს არ ყოფნით გამოწვეული სირთულის მიუხედავად, ვეცდებით ბოლომდე მივიყვანოთ.

ნიკოზე Feedc-ში წარსულში არ ვისაუბრებთ, რადგან ნიკო იყო და არის მომავალის ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას განზრაზ მკვლელობაში ბრალდებული, ძებნილი პირები დააკავეს, თუმცა უწყების განმარტებით, ამ საქმეზე გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და შესაძლებელია, გაფართოვდეს ბრალდებულთა წრეც.

უწყებაში განმარტავენ, რომ ბრალდებულებმა ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა დაგეგმეს, რისთვისაც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ერთ-ერთი მოქალაქისგან იქირავეს ავტომობილი.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 15 სექტემბერს, ეს პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსთან ჩაუსაფრდნენ ნიკა კვარაცხელიას და "ა.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნ.კ.-ის მიმართულებით 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან, გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა". მიყენებული ჭრილობების შედეგად, დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შსს-ში განმარტავენ, რომ დადგენილია იმ პირების ვინაობა, ვისთანაც, შესაძლოა, კავშირი ჰქონოდათ ბრალდებულებს, ასევე, დადგინდა ყველა ის ადგილი, სადაც ბრალდებულები დროებით თავს აფარებდნენ და ყველა ავტომობილი და მათი მძღოლების ვინაობა, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ.

სასამართლომ 2000 წელს დაბადებულ ა.ჭ.-ს და 1999 წელს დაბადებულ გ.კ.-ს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა 20 სექტემბერს შეუფარდა.

სხეულზე მიყენებული დაზიანებებით კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები